კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომისიიდან აცნობეს , ზეპირი მოსმენის სხდომაზე თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების განხილვა მოეწყო. სხდომაზე, კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა, ხუთივე კონკურსანტის სამაუწყებლო კონცეფციების შედარებითი დასკვნა-ანალიზი წარმოადგინა.
"ხუთივე კონკურსანტს საშუალება მიეცა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, როგორც კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნასთან დაკავშირებით, ასევე კონკურენტი კომპანიების პოზიციების მიმართაც", - აცხადებენ კომისიაში.
თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსი 2013 წლის 26 აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება. საკონკურსო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მიიღებს, რომლის გეოგრაფიული ზონა იქნება თბილისი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი და რადიომაუწყებლის მიმართ პროგრამირების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები იქნება წაყენებული, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობა.
თბილისში კონკურსში მონაწილეობას ხუთი კომპანია იღებს, კერძოდ, შპს "არტპალასი", შპს "ენერჯი გრუპი", შპს "სტერეო+", შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი" და შპს "არტ რადიო".