დავით ჩხიტუნიძემ საბერძნეთში საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა

დავით ჩხიტუნიძემ საბერძნეთში საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საბერძნეთის ციხეში ნაცემმა დავით ჩხიტუნიძემ საბერძნეთში საქართველოს ელჩთან და კონსულთან შეხვედრა არ მოისურვა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნლისტებს განუცხადა, დღეს საავადმყოფოში დავით ჩხიტუნიძის მოსანახულებლად მისული იყვნენ ელჩი და კონსული, თუმცა მან ელჩთან და კონსულთან შეხვედრა არ ისურვა. 

"რით არის გამოწვეული, რომ ეს შეხვდრა არ ისურვა, ამას მე ვერ გეტყვით. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ელჩი და კონსული გაესაუბრნენ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას და მიიღეს პასუხი, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, დავით ჩხიტუნიძეს ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა ტომოგრაფიის ჩათვლით, მაგრამ დეტალები არ ხმაურდება მისიევ სურვილის შესაბამისად, "რასაც ჩვენ პატივს ვცემთ" .
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო იჩენს იმ ყურადღებას, რაც მან უნდა გამოიჩინოს საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელიც უცხოეთშია დაკავებული, ხოლო შემდეგი პროცედურები უწყების კომპეტენციას ცდება.

რაც შეხება დავით ჩხიტუნიძის დიპლომატიურ პასპორტს, როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, ჩხიტუნიძისთვის დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუუქმებია.

"არ გაუუქმებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ჰქონდა დიპლომატიური პასპორტი, რადგან იმყოფებოდა დიპლომატის თანამდებობაზე, ხოლო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომელიც გამოიცა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყველას, ვისაც ჰქონდა დიპლმატიური პასპორტი, მოქმედების ვადა ერთი წლით გაეზარდა. ის დააკავეს იმის გამო, რომ ინტერპოლით იძებნებოდა, ამიტომ ამ ფაქტთან საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი შეხება არ აქვს", - გაანცხადა მაია ფანჯიკიძემ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება ეპიზოდს, ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ბრალდება.

ჩხიტუნიძე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.