,,მე მოვუწოდებ პრემიერს არ დახუროს ,,მე–9 არხი“
ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და ,,ინფო–9“_ის დახურვის შესახებ კომენტარი პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ.
,,საქართველოში მედია თავისუფალი არ არის. ამას ცხადყოფს ივანიშვილის განცხადება ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ და სააგენტო ,,ინფო–9“_ის დახურვის შესახებ. ჩვენთან ტელევიზიები არის პროპაგანდისტული მანქანა, ხოლო მედია დღემდე ვერ იქცა ბიზნესად. როცა წამყვან ტელეკომპანიებს მთავრობა პატიობს 10 და 20 მილიონს, რომელ თავისუფალ მედიაზეა საუბარი. ეს ტელევიზიები იმათია, ვინც მათ მილიონობით ლარი ჩამოაწერა.
ივანიშვილი თვლის, რომ მედიაში ფულის ჩადება აღარ არის საჭირო. მას არ ადარდებს ,,მე–9 არხისა“ და ინფო–9“_ის ასობით უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტი, რომლებიც დიდი რისკის ფასად ასრულებდნენ დღემდე თავიანთ მოვალეობას. ეს ივანიშვილისნაირი გამჭრიახი და გულისხმიერი კაცისგან საკვირველია. მას არც მედიაში გავლენის პრობლემები ექნება. დღეს ის ინა გუდავაძის ტელევიზიას აკონტროლობს გია ხუხაშვილის მეშვეობით, რომელიც ,,იმედის“ ფაქტობრივი გამგებელია. თუმცა აქაც არ არის საბოლოოდ გარკვეული დაფინანსების პრობლემა. პატარკაციშვილების ოჯახს დიდი ენთუზიაზმი არ ეტყობა ,,იმედის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ფინანსური რესურსების მოძიების მცდელობებში გამოიხატება. უჭირს სააკაშვილის ტელევიზიებსაც. ,,რუსთავი–2“, მიუხედავად ზურგისა, ფინანსურად თვითკმარი ვერ გახდა. ,,TV-3“, რომელიც ასევე სააკაშვილი–ბოკერია–ბენდუქიძის წრედში განიხილება, უცნობია, რამდენ ხანს გაუძლებს ფანტასტიკურ ხარჯებს და ხელფასებს.
ასე რომ, თავისუფალი მედია საქართველოში ისევ ,,კავკასია“ და ,,მაესტროს“, აგრეთვე ,,ობიექტივის“ ამარაა დარჩენილი. მათ ფინანსური უზრუნველყოფა არ გააჩნიათ. თუ ასე გაგრძელდა, ეს რაც საქართველოს ერთ დიდ უპერსპექტივოდ დარჩენილი სოფლის პერსპექტივას უქადის.
მე მოვუწოდებ პრემიერს არ დახუროს ,,მე–9“ არხი,მოძებნოს საიმედო ინვესტორი და ნუ დატოვებს ქვეყანას თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი აზრის გარეშე.ის როგორც ნანობდა მე–9 არხის პირველად დახურვას, ისე და უფრო მეტად ინანებს ამ შეცდომას. ადამიანების ბედით ასე თამაში მას არ ეკადრება. არც თავისუფალი მედიის მესაფლავეობა არის მისთვის სახარბიელო. ბერლუსკონის უზარმაზარი მედია–ინდუსტრია ეკუთვნოდა იტალიაში, მაგრამ ამას იტალიის პოლიტიკურ კლიმატზე და დემოკრატიაზე ზეგავლენა არ მოუხდენია. ტელევიზიებს მართავს არა მეპატრონე, არამედ კანონი, მენეჯერები და ჟურნალისტები. აქ კი რა გამოდის, მედიასაშუალება მისი დამფინანსებლების ხუშტურებისა და დაკვეთების შესაბამისად მოქმედებს? ჩანს, ასეა და ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობს“, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.