გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი 29 სექტემბერს, 14.00 საათზე რუსთაველი გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ , მთავრობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან საჯარო შეხვედრის გამართვას ითხოვს. ამის შესახებ დღეს "პრაიმ ტაიმსში" გამართულ პრესკონფერენციაზე იური ვაზაგაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მიწვეული ჰყავთ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატები ეკა ბესელია, ვახტანგ ხმალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
მისივე განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებას ამ ადამიანებთან შეკითხვებიც აქვთ, რომელიც საკმაოდ მწვავე იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საქართველოს მოსახლეობის მიმართვა წარმოადგინა.
როგორც მიმართვის ტექსტშია აღნიშნული, დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადების დღიდან დღემდე ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა, რაც გახდა მიზეზი ქვეყნის განვითარების შეფერხებისა. ქვეყანაში შექმნილი უსამართლობა, გაუსაძლისი სოციალური ფონი წარმოადგენს საფრთხეს ქართული სახელმწიფოსთვის.
"სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს მომავალი, როდესაც ხელისუფლება და ხალხი ერთობლიობაში შეძლებს სამართლის მისი გარადუვალობისა და საყოველთაობის განხორციელებას, შერჩევითი კოაბიტირებული სამართალი და დაუსჯელობის წახალისება ქვეყნის დაღუპვაა", - აღნიშნულია მიმართვაში.