დავით პაიჭაძე თავისი გადაცემის შესაძლო დახურვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს

დავით პაიჭაძე თავისი გადაცემის შესაძლო დახურვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუ "დიალოგის" წამყვანი დავით პაიჭაძე ახალი სატელვიზიო სეზონიდან მისი საავტორო გადაცემის შესაძლო დახურვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც პაიჭაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ მის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული კონტრაქტი ძალაშია და მასთან ტელევიზიის ხელმძღვანელობას აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ჰქონია.

"ჩემი კონტრაქტი ხელუხლებელია. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც "პირველმა რადიომ" გაავრცელა და სადაც აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ემზარ გოგუაძე ადასტურებდა ჩემი და ეკა კვესიტაძის გადაცემების დახურვას. პირველ რიგში გეტყვით, რომ ემზარ გოგუაძე საერთოდ არ ესწრებოდა ბორდის გუშინდელ სხდომას, ამის დამადასტურებლად შეგიძლიათ სხდომის ვიდეოჩანაწერიც ნახოთ, რომელიც საიტზეა განთავსებული. არავისთან ეს საკითხი არ დასმულა. ვფიქრობ, სწორი იქნება, ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას თავზე იღებენ, არხის მენეჯმენტს დაუკავშირდნენ,"- განაცხადა დავით პაიჭაძემ.

მისივე თქმით, ამჯამად იგი შვებულებაში იმყოფება და სამუშაო გარემოში 2 სექტემბრიდან დაბრუნდება.

"იცით, რომ "დიალოგის" გარდა, მაქვს რადიოგადაცემა "პიკის საათიც, კვირაში 5 საათი. როგორც წესი, ყოველწლიურად რადიოს ახალი სეზონი უფრო ადრე იწყება ხოლმე, ვიდრე ტელევიზიაში. ამიტომ, 2 სექტემბრიდან რადიოში გადაცემებს ვიწყებ,"- აღნიშნა პაიჭაძემ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ჯი-ეიჩ-ენი" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ემზარ გოგუაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გუშინ "პირველი რადიოს" მიერ მასზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"ცოტა სხვა ფორმით იქნა გუშინ ჩემი კომენტარი გაშვებული და მე ის განცხადება იმ ფორმით არ მითქვამს. პირადად მე გუშინ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას არ დავსწრებივარ და მხოლოდ ტელეფონით ჩავერთე, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი, ვგეგმავდი სკაიპის მეშვეობით მონაწილეობასაც, თუმცა ეს არ გახდა საჭირო. რადგან ახლა დგება ახალი სატელევიზიო სეზონის ბადე, დაზუსტებული არ არის რომელი გადაცემა გავა და რომელი არა ახალ სეზონზე. მართალი გითხრათ, ეკა კვესიტაძის და დავით ბაიჭაძის გადაცემების შესაძლო დახურვის შესახებ მე არხის ერთი-ორი თანამშრომლისსგან შევიტყვე, თუმცა რამდენად დადასტურებული ინფორმაციაა, არ ვიცი. რამდენადაც ვიცი, ბორდის გუშინდელ სხდომას არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილის არ დასწრებია და შესაბამისად, ბორდი ამა თუ იმ გადაცემის თაობაზეც ვერ იმსჯელებდა, რადგან ახალი სატელევიზიო სეზონის დაკომპლექტება არანაირად ბორდის საქმე არ არის, ამას სრულად ტელეკომპანიის მენეჯმენტი წყვეტს. რა შინაარსს შეიძენს ახალი სატელევიზიო სეზონი, ამას ბორდი ვერ გადაწყვეტს,"- განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

ახალი სატელევიზიო სეზონიდან დავით ბაიჭაძის და ეკა კვესიტაძის გადაცემების შესაძლო დახურვის თაობაზე ინფორმაციას არც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთი პროდიუსერი ეკა მიშველაძე ფლობს.