ადვოკატი:  თუ ანგარიშებს

ადვოკატი: თუ ანგარიშებს "ინკასო" დაედება, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს განვაცხადებ

ადვოკატი რამინ პაპიძე ფინანსთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს საადვოკატო ფირმა შპს "რამინ პაპიძე და პარტნიორების" საბანკო დავალიანების აღსრულების მოთხოვნაზე უარის თქმას სთხოვს.

როგორც რამინ პაპიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას 6 000 ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მოსამართლეების მიერ გამოწერილი ჯარიმების გამო აქვს.

"მოვითხოვ, არ დაედოს ანგარიშებს "ინკასო". აღსრულების ბიურომ არ ჩამომაჭრას იურიდიული ფირმა შპს "რამინ პაპიძე და პარტნიორები" საბანკო ანგარიშიდან შემოსავლები. ვალი 2008-2011 წლებში დამიგროვდა საადვოკატო საქმიანობის დროს სასამართლოს მიმდინარეობის დროს დაჯარიმების გამო", - აღნიშნა რამინ პაპიძემ.

ადვოკატის თქმით, თუ "ინკასო" დაედება ფირმის საბანკო ანგარიშებს, ის საქართველოს მოქალაქეობაზე უარს განაცხადებს და პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს.

"ამას ვუკავშირებ როინ შავაძის მკვლელობის საკითხზე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს. თუ დაიწყება აღსრულება და ფირმის ანგარიშიდან თანხები ჩამოიჭრება, ფინანსების გარეშე ვრჩები. ეს ხელისუფლების მხრიდან არის საადვოკატო საქმიანობაზე ხელის შეშლა. იძულებული ვიქნები, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განვაცხადო და პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო", - აღნიშნა რამინ პაპიძემ.