"პიერ ბათუმში" სალაროს ქვითარი თურქულ ენაზე გაიცემა

ბათუმის ბულვარში განთავსებულ კაფე „პიერ ბათუმში" სალაროს ქვითარი თურქულ ენაზე გაიცემა. როგორც ტელეკომპანია „TV25"-თან საუბრისას რესტორნის წარმომადგენლები განმარტავენ, ისინი თურქული პროგრამით მუშაობენ, რის გამოც დოკუმენტიც შესაბამის ენაზე იბეჭდება. რესტორნის წარმომადგენლების განმარტებითვე, ანგარიშსწორება ქართულ ლარში ხდება და სხვა ვალუტას არ ღებულობენ.

„TV25"-ი იუწყება, რომ მომხმარებელთა ნაწილი რესტორანში სალარო ქვითრის უცხოერ ენაზე გაცემის გამო უკმაყოფილოა. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში ხარჯთაღიცხვისა და საქმისწარმოების დოკუმენტი ქართულ ენაზე უნდა იბეჭდებოდეს.

როგორც ტელეკომპანიას შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, ობიექტს შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული სალარო აპარატი აქვს, თუმცა როგორც ჩანს, მას არ იყენებენ. სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის განცხადებით, ქართული კანონმდებლობით აუცილებელია, ქვითარზე შეკვეთის დასახელება ქართულ ენაზე იყოს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერიამ 739 კვმ ფართობი ბათუმის ბულვარის ცენტრში თურქულ კომპანიას 29-წლიანი იჯარით გადასცა. სახელშეკრულებო პირობების თანახმად, კომპანია სახელმწიფოს ყოველწლიურად 15 000 ლარს გადაუხდის.