მთაწმინდის პარკის გამო, სამთავრობო უწყებებმა გაფრთხილება მიიღეს

მთაწმინდის პარკის გამო, სამთავრობო უწყებებმა გაფრთხილება მიიღეს

მთავრობის კანცელარიიდან სამთავრობო უწყებებმა, მთაწმინდის პარკში გადაადგილების გამო, გაფრთხილება მიიღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კანცელარიის პრესსამსახურში განუცხადეს , კანცელარიაში შესული განცხადების შემდეგ, უფროსმა მაია ცქიტიშვილმა წერილი ყველა უწყებას გაუგზავნა და მთაწმინდის პარკში გადაადგილებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მისცა. 

კანცელარიის პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელ უწყებებზე ჰქონდა მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას პრეტენზიები. მათი თქმით, წერილში საუბარი ზოგადად სამთავრობო მანქანების კოლონებზე იყო.

"ყველა უწყებამ მიიღო გაფრთხილება და იმედი გვაქვს, მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, მთაწმინდის პარკსაც აღარ აქვს პრეტენზიები", - აცხადებენ მთავრობის კანცელარიაში.

მთაწმინდის პარკის დირექტორი ირაკლი სასანია ადასტურებს, რომ სამთავრობო უწყებების მანქანების პარკში გადაადგილების გამო პრობლემები არსებობდა, მთავრობის კანცელარიას წერილი მისწერა და პრობლემა ამ დროისთვის ამოწურულია.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ პარკის დირექტორმა სახელმწიფო კანცელარიის უფროსს, მაია ცქიტიშვილს წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, "რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პირველი პირები, სისტემატურად, ნებისმიერ დროს ითხოვენ გადაადგილებას პარკის ტერიტორიაზე, რესტორნის მიმართულებით, ამის გამო პარკის ვიზიტორებს სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ, რის გამოც ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას".