შსს-ს აცხადებს, რომ ტაჯიკი ჟურნალისტი არ დაუკავებია

შსს-ს აცხადებს, რომ ტაჯიკი ჟურნალისტი არ დაუკავებია

ტაჯიკი ოპოზიციონერი, ჟურნალისტი დოდოჯონ ატუვულოევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს , ეს პიროვნება აეროპორტში იმის გამო შეაჩერეს, რომ ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.

"როგორც აღმოჩნდა, ამ პირს გააჩნდა გერმანიის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი. მას ეს საბუთი ხელთ ჰქონდა. ის შეჩერდა, თუმცა, გუშინ გაფრინდა მიუნხენში", -განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მედიის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ცნობილი ტაჯიკი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დოდოჯონ ატუვულოევი. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპული სამსახური იუწყება.

როგორც ჟურნალისტმა "რადიო თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, 20 აგვისტოს ის თბილისის აეროპორტში დააკავეს, სადაც ჩეხეთიდან ჩავიდა.

ჟურნალისტის განცხადებით, ის ტაჯიკეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, სადაც მას ექსტრემიზმსა და ტერორიზმში ადანაშაულებენ.

დოდოჯონ ატუვულოევი ცნობილია ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რაჰმონისა და მისი ოჯახის წევრების მწვავე კრიტიკით.