ადვოკატი მირიან ნიკოლაძე პროკურატურას დათა ახალიას მფარველობაში ადანაშაულებს

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე პროკურატურას დათა ახალიას მფარველობაში ადანაშაულებს

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე პროკურატურას დათა ახალიას და კუდის თანამშრომლების მფარველობაში ადანაშუალებს. როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში განაცხადა , პროკურატურა დათა ახალაიას და კუდის თანამშრომლების დანაშაულებრივ ქმედებებს მიზანმიმართულად თავს არიდებს. 

"პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს ცემა-წამების ფაქტთან დაკავშირებით, ეს იყო კოკაინის ცნობილი საქმე. რამდენიმე პირი იყო დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია აღნიშნულ საქმეზე ისინი სასჯელს იხდიან. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო გამოძიება ამ პირების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე. გამოძიებით დადასტურებულია, რასაც დაკითხული ადამიანები მიუთითებენ, რომ დათა ახალაია საკუთარი ხელით აწამებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა ამ მათ,"- აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, პრობლემის არსი არის, რომ 6 თვის წინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს, რომ ჩაეტარებინა ექსპერტიზა.

"როდესაც ვნახეთ, რომ ქალაქის პროკურატურა ამ ადამიანებს ხელს აფარებდა, ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში. საჭირო გახდა ნივთმტკიცების წარდგენა. სასამართლომ უარი გვითხრა ნივთმტკიცების გადმოცემაზე და თავის წერილში დაასახელა, რომ თვითონ მხარე არ იყო, რადგან მას უკვე განაჩენი გამოტანილი ქონდა და პირდაპირ მიუთითა საქართველოს პროკურატურაზე. პროკურატურამ 6 თვე არ დანიშნა ექსპერტიზა, ჩვენ დანიშნულ ექსპერტიზაზე კი უარი გვითხრა. მაია მწარიაშვილს მივმართე ოფიციალური წერილით და ვთხოვე თუ არ ატარებთ ამ ესპერტიზას, ელემენტარული დახმარება მაინც გაგვიწიეთ, რაც კანონით გვეკუთვნის და ნივთმტკიცებები მაინც გამოითხოვეთ. მისგან მოგვივიდა პარადოქსული პასუხი, ეს არის დაცინვა, რომ არც ჩვენ ვატარებთ ექსპერტიზას, არც თქვენ ჩაგატარებინებთ", - განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, პროკრუატურაში აღძრულია საქმე, რომელიც კოკაინის საქმეს და მილიონ 700 ათასი ევროს მითვისების ფაქტს ეხება.

"გამოძიებით დადგენილია, რომ სხვადასხვა პირებს, დათა ახალიას მეთაურობით, მითვისებული აქვთ მილიონ 700 ათასი ევრო, რომელიც არ ჩარიცხულა არც ბიუჯეტში, არც ეროვნულ ბანკში და ჰქონდათ პირადი მოხმარებისთვის. გავიდა 6 თვე და გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. 150 ათასი ევრო დათა ახალიამ პირადად თავისი ხელით გადასცა თავის დროზე ბესარიონ სურმავას, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი მისი გადმობირებისთვის. მას დათა ახალაიასგან პირადად გადაეცა თანხა. ეს ფაქტი ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ შედეგი არ დგება. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საქმის გამოძიება ფერხდება კოაბიტაციური რეჟიმის თუ სხვა რამის გამო, არ ვიცი. მე, დათა ახალიას და როლანდ ახალაიაზე სხვა საქმეებიც მაქვს, რომელიც ყველგან შეფერხებულია. გვაინტერესებს, თუ ხელშეუხებლები არიან განგვიცხადოს პროკურატურამ, რომ დათა ახალაიაზე არ აღიძრება საქმე და მას პრობლემა არ შეექმნება," – აცხადებს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, კატასტროფული მდგომარეობაა შსს-ში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

"ელემენტარული ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში უნდა მიმართოთ ამ უწყებებს, გააკეთოთ მილიონი შეხსენება და ამის შემდეგ, ან მიიღებთ ელემენტარულ საჯარო ინფორმაციას ან ვერა. მინდა მივმართო ირკალი ღარიბაშვილსა და არჩილ კბილაშვილს, ინფორმაციის გავრცელების ის სამსახურები, რომლებიც შეიქმნა ადეიშვილისა და მერაბიშვილის მიერ ემსახურებოდა ინფორმაციის დაბლოკვას. ეს სამსახურები, ისევ ძველი შემადგენლობით კვლავ მიდიან ინერციით და გადააჭარბეს უკვე წინა პერიოდის მდგომარეობას, როდესაც ელემენტარულ ინფორმაციას ვერ მიიღებდა ვერც ერთი მოქალაქე. დღეს ამ მხრივ არის სრული კატასტროფა. ვერც ერთი უწყებიდან ვერ გამოიტან საჯარო ინფორმაციას, ამიტომ დიდი თხოვნაა, რომ მიაქციონ ამას ყურადღება," – განაცხადა ნიკოლაძემ.