ზურაბ აბაშიძე:

ზურაბ აბაშიძე: "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტის დამოკიდებულება სუბიექტურია

"ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტის განცხადება სიახლე არ არის და მისი დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ სუბიექტურია , - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტის, გუნარ ჰოკმარკის განცხადებას, რომ "ქართული ოცნება" რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას.

აბაშიძის თქმით, ჰოკმარკი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია ევროპაში და ბუნებრივია, რომ მას ამ პარტიის მიმართ სოლიდარობა აქვს და ამას გამოხატავს ყოველ ნაბიჯზე, იქნება ეს ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში თუ სხვა სტრუქტურებში.

"მათ კიდევ დასჭირდებათ დრო, დარწმუნდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, რა რებრენდინგითაც არ უნდა იყოს დაკავებული, ძალიან გაუჭირდება, რომ გაცოცხლდეს ამ ქვეყანაში. მათი შვილობილი პარტიები როდესაც არჩევნებს აგებენ, გარკვეულწილად, განცდები და სენტმენტები არსებობს. საქართველოში მიმდინარე პროცესები კი, შეიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, როგორ დემოკრატიულად მიმდინარეობს, მედია თავისულფებიდან დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვით დამთავრებული. რითი არიან ეს ადამიანები უკმაყოფილო, ეს ჩანს. ისინი უკმაყოფილო არიან მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ის პარტია, რომელსაც მხარს უჭერდნენ აქტიურად, უბრალოდ აღარ არის ხელისუფლებაში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"საქართველოს მყიფე დემოკრატიული პროცესი", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტის გუნარ ჰოკმარკის წერილს. როგორც გუნარი ჰოკმარკი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლება "პროგრესს პრაგმატიზმის გზით" აღწევს, თუმცა რთულია ამის გაგება, როცა საქმე დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება.

"ყოფილ მთავრობას ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ მან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, როგორც ამას "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის ინდექსი ადასტურებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა, დემოკრატიის საბოლოო ტესტიც ჩააბარა – გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარებით, რომელმაც გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებას".

ბატონმა ივანიშვილმა შეიძლება გააკრიტიკოს ოპოზიცია, მაგრამ ის ვერ უარყოფს, რომ მან ხელისუფლება მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად ჩაიბარა და ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ პროგრესის გარეშე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას იქნა მიღწეული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა "ქართული ოცნების" ხელისუფლება იყენებს სამართლებრივ ინსტიტუციებს მუქარის, შევიწროებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებისთვის, რითაც რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას", - აღნიშნავს "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი.