შეწყალების სურვილი ამ დრომდე 2100 პირმა გამოთქვა

შეწყალების სურვილი ამ დრომდე 2100 პირმა გამოთქვა

პრეზიდენტის ინციატივის საფუძველზე, შეწყალების სურვილი ამ დრომდე დაფიქსირებული მონაცემებით, 2100 პირმა გამოთქვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუმარტეს. მათი ინფორმაციით, 2100 ადამიანიდან 1200-მა დარეგისტრირება უკვე მოახერხა, ხოლო დანარჩენები სატელეფონო ზარების მეშვეობით რეგისტრაციის რიგში ჩაეწერნენ. პარალელურ რეჟიმში, როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, პირების რეგისტრაცია ადგილზე მისვლითაც ხდებოდა.

განაცხადების მიღების დრო 10:00-დან 18:00 საათამდეა განსაზღვრული. ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტელეფონის მეშვეობით რიგის განსაზღვრა ხდება.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ.