"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მტკნარი სიცრუეა, თითქოს "ქართული ოცნების" წევრები ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადადიან. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არასწორი პროპაგანდა მიდის კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებში შემავალ პარტიებთან, განსაკუთრებით "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვალეს, განმარტებები გაეკეთებინათ.
"ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს არის მტკნარი სიცრუე. ასეთი ტიპის განცხადებები ბურჯანაძის პარტიის მხრიდან მომავალშიც იქნება, რადგან ეს მათი პიარის ნაწილია და ფიქრობენ, რომ ამით არჩევნებში შედეგებს მიაღწევენ, თუმცა ძალიან ცდებიან, რადგან ქართულ საზოგადოებას ისინი კარგად არ იცნობენ", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მან კონკრეტული მაგალითები მოიყვანა. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთსა და მარნეულში "თავისუფალი დემოკრატების" წევრები გადავიდნენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში. როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, დასახელებული პირები საერთოდ არ ყოფილან "თავისუფალი დემოკრატების" წევრები.
"მიგვაჩნია, რომ ეს არის ბინძური კამპანია, რომელიც სათავეს იღებს "ნაციონალური მოძრაობიდან" და მათი ღირსეული წარმომადგენელი იყო ნინო ბურჯანაძე, რომელიც აგრძელებს ამ ტიპის მუშაობას. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება" , - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.