პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის მსურველთა რეგისტრაცია იწყებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის მსურველთა რეგისტრაცია იწყებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის მსურველთა რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. "იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ - მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით მოუხსნას პირს ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი - საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოქალაქეებმა გაიარონ წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია.

განცხადების შემოტანის მსურველებმა წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითითებულ ნომრებზე: 2 28 27 36; 2 28 26 81; ადმინისტრაციის თანამშრომელს მათ უნდა ჩააწერინონ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. შესაბამისად, რეგისტრაციის მსურველს ადმინისტრაციის თანამშრომელი აცნობებს განცხადების შემოტანის კონკრეტულ თარიღს. მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ადგილზეც, განცხადების შემოტანის დროს",- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნის გადაწყვეტილებაზე განცხადება გუშინ გააკეთა.

ამასთან, აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული სახელმწიფოს ან კაცობრიობის წინააღმდეგ, ასევე მათ, ვინც გასამართლებულია პედოფილიის ან განზრახ მკვლელობის საფუძველზე.

კერძოდ - პირებს, რომლებიც გასამართლდნენ შემდეგი მუხლების მიხედვით: მუხ. 108 - განზრახ მკვლელობა; მუხ. 109 - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში; მუხ. 112 - დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა; მუხ. 140 - სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან; მუხ. 1431 - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მუხ. 1432 - არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მუხ. 1433 - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; მუხ. 1441 - წამება; მუხ. 2231 - ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა; მუხ. 229 - აფეთქება; მუხ. 232 - ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება; მუხ. 234 - საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიული, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი; მუხ. 2551 - არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონო დამზადებასა და გასაღებაში; სსსკ - ის მე-11 კარის (დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ) - XXXVII, XXXVII1 და XXXVIII თავებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გასამართლებულ პირებს. ნასამართლეობის მოხსნა ასევე არ შეეხებათ სსსკ მე-14 კარით (დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ) გასამართლებულ პირებს.