"მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახური მუშაობას წყვეტს

"მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახური მუშაობას წყვეტს.

ამის შესახებ ტელეკომპანიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გახდა ცნობილი. ჟურნალისტებმა მომდევნო 10 დღის განმავლობაში მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

როგორც ტელეკომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, "მეცხრე არხის" დახურვის შესახებ ინფორმაცია დღეს შეიტყვეს, რაც მათთვის მოულოდნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "თუ პირველ სექტემბრამდე მყიდველი არ გამოჩნდება, ტელეკომპანია "მე-9 არხი" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9" დაიხურება”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახი “მეცხრე არხსა” და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ს მყიდველს საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად სთავაზობს.

მედიასაშუალებების მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში თანამშრომლები კომპენსაციის სახით, 2 თვის ხელფასს მიიღებენ.

"დღეიდან, 19 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. თუ პირველ სექტემბრამდე მყიდველი არ გამოჩნდება, იძულებული გავხდებით, ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის მუშაობა შევწყვიტოთ. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას არ ითვალისწინებს, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს 2 თვის კომპენსაცია გადავუხადოთ", - ნათქვამია განცხადებაში.