საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ნდობას არ იმსახურებს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების რეალურ სურათს არ ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ სტატისტიკის ეროვნული ბიუროსთვის მიწოდებული ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დანაშაულს სრულად ითვლის. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იქნა 7 თვის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, 2013 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულის კლება და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა, რომელიც ასახულია მონაცემებში, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია არის მოტივირებული და ეფექტურად მუშაობს.
"პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული და შეურაცხმყოფელი განცხადებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს გამიზნულად არ ხდება. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - ნათქვამია შსს-ს მოერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას არ ენდობა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას აღარ უნდა ვენდოთ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტმა სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შექმნა, ძალიან ბევრი ისეთი დამნაშავე გამოვიდა ციხიდან, რომელიც არ უნდა გამოსულიყო, რასაც მოჰყვა სხვადასხვა დანაშაულისა და პედოფილიის სერიოზული ზრდა საქართველოში.
პრეზიდენტის შეფასებით, დანაშაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საზოგადოებაში არანაირ ნდობას არ იმსახურებს. "მე პირადად მრავალი წლის განმავლობაში პირველად მიხდება იმის კონსტატირება, რომ სამწუხაროდ, აღდგა შევარდნაძის ტრადიცია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას ჩვენ აღარ უნდა ვენდოთ. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. პროკურატურის მონაცემები არ ემთხვევა პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ გაფილტრულ და გაყალბებულ მონაცემებს. საქართველოში დანაშაულის ზრდის ტენდენციაა, არის მძიმე დანაშაულის ზრდის ტენდენცია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.