პრეზიდენტი შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას არ ენდობა

პრეზიდენტი შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას არ ენდობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას აღარ უნდა ვენდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტმა სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შექმნა, ძალიან ბევრი ისეთი დამნაშავე გამოვიდა ციხიდან, რომელიც არ უნდა გამოსულიყო, რასაც მოჰყვა სხვადასხვა დანაშაულისა და პედოფილიის სერიოზული ზრდა საქართველოში.

პრეზიდენტის შეფასებით, დანაშაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საზოგადოებაში არანაირ ნდობას არ იმსახურებს.

"მე პირადად მრავალი წლის განმავლობაში პირველად მიხდება იმის კონსტატირება, რომ სამწუხაროდ, აღდგა შევარდნაძის ტრადიცია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას ჩვენ აღარ უნდა ვენდოთ. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. პროკურატურის მონაცემები არ ემთხვევა პოლიციის ხელმძღვნელობის მიერ გაფილტრულ და გაყალბებულ მონაცემებს. საქართველოში დანაშაულის ზრდის ტენდენციაა, არის მძიმე დანაშაულის ზრდის ტენდენცია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.