ია ანთაძე მედიაში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია

ია ანთაძე მედიაში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია

მედიაში მიმდინარე პროცესები მედიაექსპერტ ია ანთაძის შეშფოთებას იწვევს. როგორც ია ანთაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ტელეკომპანია "მე-9 არხთან" დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს, თუმცა, მისივე თქმით, მედიასივრცეში მიმდინარე პროცესები ბევრ ეჭვს აღძრავს, რამდენად გულწრფელია ხელისუფლება მედიასთან მიმართებაში.

"თუ პრემიერის განცხადებას დანარჩენი პროცესებიდან იზოლირებულად განვიხილავთ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რაც განცხადებაში წერია, მიმაჩნია სწორად. ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ტელევიაზია, მით უმეტეს, არჩევნების წინა პერიოდში, არ შემიძლია რამე ვთქვა ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რაც არის აღწერილი პრემიერ-მინისტრის წერილში. მაგრამ რაც იწვევს ჩემს შეშფოთებას არის, ის რომ მედიასივრცეში არ ხდება მარტო ეს ერთი მოვლენა, რომ "მე-9 არხი" დაიხურება. კიდევ ხდება რამდენიმე სხვა მოვლენა, რომელთა ერთობლიობა არ მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, რომ მედიასივრცეში ისე კარგად გვაქვს საქმე, პრემიერ-მინისტრიც კი ხურავს თავის ტელევიზიას. ბევრი კითხვა არსებობს "მაესტროში" მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გარკვეული შტოს წარმომადგენლები ებრძვიან "მაესტროს". თუ ეს ასეა, ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ "მაესტროს" წინააღმდეგ, არამედ ეს არის ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ. არ ვიცით რა ხდება "მაესტროში". გარდა ამისა, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და არ ვიცით რით დასრულდება გამოძიება. საბოლოოდ, როდესაც დალაგდება სატელევიზიო ეთერი, დღეს ვერ ვიტყვით, როგორი იქნება ეს სივრცე, იქნება უფრო თავისუფალი, ვიდრე დღეს არის, თუ იქნება უფრო მეტად მონოპოლიზებული რაღაც ჯგუფის მიერ", - აღნიშნა ია ანთაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან და მისმა ოჯახმა 1-ელი სექტემბრიდან ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9"–ის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"19 აგვისტოდან 1–ელ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედია საშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ–ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. თუ 1–ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო9"–ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია. მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი შპს "აქცეპტს" ეკუთვნის. ამ კომპანიის 80%-ის მფლობელია პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, ხოლო 20% -ის ვინმე კახა კობიაშვილი.