ლაშა ტუღუშს პრემიერის გადაწყვეტილების

ლაშა ტუღუშს პრემიერის გადაწყვეტილების "ესმის"

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ "მე-9 არხთან" და "ინფო 9"-სთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ გაორებული გრძნობა აქვს. როგორც ლაშა ტუღუშმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, პირველი ეს არის გულისტკივილი იმის გამო, რომ ტელევიზია, რომელიც არსებობს, რომელმაც შექმნა ისტორია, სადაც ძალიან კარგი ჟურნალისტები მუშაობენ, უნდა გაქრეს. "ეს არის ძალიან ცუდი",-აღნიშნა ტუღუშმა.

მეორეს მხრივ, როგორც ტუღუში აცხადებს, მას პრემიერის გადაწყვეტილებისაც ესმის. "მე მესმის პრემიერის, რომელსაც პრობლემა ჰქონდა ამ ტელევიზიის არსებობის გამო იმიტომ, რომ ეს იყო მისი ტელევიზია. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საკუთარი ტელევიზია, რაც რა თქმა უნდა პოლიტიკური თვალსაზრისით არის უხერხული მომენტი და ბევრი კითხვა არსებობდა მის მიმართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს მიღმა. ბევრჯერ დასვეს ასეთი კითხვები მის მიმართ და ბევრჯერ ძალიან უხერხული პასუხების გაცემა უწევდა მას ამ კითხვებზე. შესაბამისად, მან მიიღო ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება. რამდენად შეიძლებოდა ვთქვათ მოძებნილიყო უფრო რბილი გადაწყვეტილება, რაც ტელევიზიის სხვა მყიდველზე გასხვისებას გულისხმობს, მიჭირს ამის თაობაზე პასუხის გაცემა. ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ის, რომ სერიოზული, სოლიდური ბრენდი შემოსულიყო საქართველოში. ერთია, რომ ამბობ, მეორეა რამდენად რეალურია ამის გაკეთება. მან თქვა, რომ ვერ მოხერხდა ეს",-განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად შეიძლება უფრო მომგებიანი ნაბიჯი იყოს, თუ "საკითხს ცივი გონებით შევხედავთ", გამომდინარე იქიდან, რომ ისმებოდა კითხვები იმის გამო, რომ პრემიერის მფლობელობაში იყო ტელევიზია, რომელსაც შეეძლო არჩევნებში მის სასარგებლოდ ემუშავა.