საზოგადოებრივ მაუწყებელში

საზოგადოებრივ მაუწყებელში "მე-9 არხის" კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიერთების საკითხი არ განიხილება

საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელეკომპანია "მე-9 არხის" კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიერთების საკითხი არ განიხილება. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მაუწყებლის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა თიკო ბერძენიშვილმა განაცხადა, მაუწყებელში "მე-9 არხის" კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიერთების საკითხზე საუბარი არ არის და მსგავსი არაფერი იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან და მისმა ოჯახმა 1-ელი სექტემბრიდან ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9"–ის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"19 აგვისტოდან 1–ელ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედია საშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ–ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. თუ 1–ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო9"–ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია. მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი შპს "აქცეპტს" ეკუთვნის. ამ კომპანიის 80%-ის მფლობელია პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, ხოლო 20% -ის ვინმე კახა კობიაშვილი.