"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ფორმატთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნული, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ახალმა წესმა დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა.
"დღეს გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ადრეც გამოთქვამდა ეჭვს უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა უწყებათაშირისი კომისიის მუშაობის ახალმა წესმა. სამწუხაროა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაერთი საჩივრის განხილვის შედეგად, კომისიამ დღეს ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება მომავალში მხოლოდ ერთ წარმომადგენელს შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ადრე თითოეულ პარტიას ორი წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა ჰქონდა. ამ უფლებას უშუალოდ "ქართული ოცნებაც" წარმატებით იყენებდა, მათ შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე აზრით, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია სხდომების წარმართვის თვისობრივად ახალი წესი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხოლოდ შეხვედრის ბოლოს ეძლევათ საკუთარი პოზიციებისა და ინფორმაციის წარდგენის შესაძლებლობა, "თან ყველა საკითხზე ერთობლივად".
"განხილვის ასეთი წესი ხელს არ უწყობს თითოეული საჩივრის შესახებ ცალ-ცალკე მსჯელობას და თითოეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას სხვადასხვა წყაროდან მიღებული ფაქტობრივი ინფორმაციისა და არგუმენტების შეჯერების საფუძველზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უწყებათაშორისი კომისიის ეფექტური მუშაობით ჯერ კიდევ არის შესაძლებელი თავიდან იქნეს აცილებული წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობრივი თავდასხმები, დაშინება-ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამიტომ მოვუწოდებთ უწყებათაშორის კომისიას, ყველა ზომას მიმართოს პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებისა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.