რაც არ უნდა ეცადოთ დიდი ხნით აღმიკვეთოთ თავისუფლება, ვერ დამამწუხრებთ!, - ამის შესახებ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრ დავით საგანელიძის საპასუხოდ გავრცელდა.
დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, სხვა ეპიზოდები, რაშიც ბაჩო ახალაიას ბრალი აქვს წაყენებული, საფუძველი გახდება, ახალაია ციხეში იჯდეს.
საპასუხო მიმართვაში ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ მისი და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ ბრალდებები "აბსურდის თეატრია".
"პრინციპების ერთგულება არის და იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი ფასეულობა. ბუნებრივია, ამას ვერ გაიგებს ბ-ნი საგანელიძე. მისი ცხოვრებისეული გამოცდილება თვალნათლივ მოწმობს იმას, რომ მარტივად შეუძლია პოზიციების ცვლა პოლიტიკური ამინდის შესაბამისად. ეს არის ნიშანი იმისა, რომ მას ამოძრავებს არა პრინციპები ან იდეალები, არამედ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა. იგი უყოყმანოდ წავა ეშმაკთან გარიგებაზეც საქართველოს ინტერესების ხარჯზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმენი სასამართლოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის, დაშინების და შანტაჟის. არადა საზოგადოებამ თავად იხილა, რომ ყველა საქმე ჩემი და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ უბრალოდ არის ერთი დიდი აბსურდის თეატრი", - აღნიშნულია მიმართვაში.
ახალაია საგანელიძეს მოუწოდებს დაინტერესდეს, "თუ როგორ ხდებოდა მოწმეების გატაცება მათი დაშინების მიზნით, როგორ ხდებოდა ერთი ერთში ჩვენებების კოპირება".
"ბატონ საგანელიძეს იქნებ მოესმინა ბრალდების მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, გადაემოწმებინა, როგორ ხდება იმ ადამიანების დასაქმება, რომლებიც იზეპირებენ პროკურატურის მიერ დაწერილ ჩვენებებს ჩემს წინააღმდეგ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, ხოლო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ღირსეულ ჯარისკაცს განვიხილავ ჩემს ოჯახად და საქართველოს სიამაყედ. და რაც არ უნდა ეცადოთ დიდი ხნით აღმიკვეთოთ თავისუფლება, ვერ დამამწუხრებთ. ერთი იცოდეთ, ჩემთვის მთავარია საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, პირნათელი ვარ საქართველოს, ჩვენი თანამოქალაქეებისა და თითოეული თანამებრძოლის წინაშე და ძალას არ დავიშურებ მათთვის მომავალში", - აცხადებს ახალაია.