საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს იწუნებს. როგორც პრეზიდენტმა დღეს ბათუმის ფუნიკულიორის დათვალიერების დროს ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხს შესთავაზეს ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებიც უფრო დაბლა დგანან, ვიდრე მოსახლეობის განვითარების, ინტელექტის და ღირსების დონე.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ბრძენია და არჩევნების დროს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ხალხს უნდა მოვეპყრათ პატივისცემით. დღეს ხალხს შესთავაზეს ისეთი კანდიდატები, რაც უფრო დაბლა დგას, ვიდრე ჩვენი ხალხის განვითარების, ინტელექტის, ღირსების დონე. ისე რომ, ვისაც მინდა ამოვირჩევ და თუ მინდა, ცხენს ავირჩევ სენატში, როგორც ეს ერთ-ერთმა რომაელმა იმპერატორმა გააკეთა, ამას ქართველი ხალხი არ გააკეთებს. უბრალოდ, უხერხულია ისეთი კანდიდატები შესთავაზეს. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოულოდნელად ზოგიერთისთვის ალბათ, ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც შეესაბამება მათ წარმოდგენებს იმაზე, როგორი უნდა იყოს მათ მიერ პირდაპირ არჩეული, თუნდაც ახალი ფუნქციების პირობებით, პრეზიდენტი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.