რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პატიმრებს შორის დაპირისპირება ამოწურულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელარსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაიამ განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, სამეურნეო ნაწილში მომუშავე პატიმრები დანარჩენი პატიმრების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მსჯავრდებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამეურნეო ნაწილში მომუშავე პატიმრებს დანარჩენი პატიმრები სიგარეტს, ასევე გასამრჯელოდ მიღებულ ჩაის და სხვა შეგროვილ პროდუქტს სთხოვდნენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით კი, სამეურნეო ნაწილში მომუშავეებს ციხის ე.წ. მაყურებელი ფულსაც სთხოვდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიხეილ ღურწკაიას ინფორმაციით, #17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება ამოწურულია.
"პატიმრებს შორის ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და ინციდენტი ამოწურულია. მომსახურე პატიმრებს უკმაყოფილება ჰქონდათ სხვა დანარჩენ პატიმრებთან, სიგარეტის მიცემა-არმიცემის საკითხზე. ინციდენტი აღმოფხვრილია", - განაცხადა ღურწკაიამ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მსგავსი შემთხვევები აღმოიფხვრება, რადგან სამეურნეო ნაწილში ჩარიცხულ პატიმრებს სახელმწიფო ხელფასს გადაუხდის.