"ხელისუფლებამ მახათი კი არ უნდა იხმაროს მუდმივად არასწორი მიმართულებით, არამედ ხალხს უნდა მიხედოს"

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვლის განცხადებით, "ადგილობრივმა ხელისუფლებამ მახათი კი არ უნდა იხმაროს მუდმივად არასწორი მიმართულებით, არამედ ხალხს უნდა მიხედოს".

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში განაცხადა, სადაც ქალაქი დაათვალიერა და ტურისტებს გაესაუბრა.

სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლების გეგმით, ბათუმში ბარაკები საერთოდ აღარ უნდა ყოფილიყო, გეგმა 3 წელზე იყო გათვლილი და ამისთვის 80 მლნ იყო გამოყოფილი.

პრეზიდენტმა ბათუმის ეკლესიაც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ოპონენტები მას სწორედ ამ ეკლესიის დანგრევას აბრალებდნენ.

"ეს არის ის სიცრუე, რაზეც ეს ხალხი დგას, ეს არის ის ტყუილები, რითაც წინა წლებში ხალხს კვებავდნენ. ეკლესიაც აშენდა, ფუნიკულორიც და წელს ბათუმში არის ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ისტორიაში. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ქართველების რაოდენობა შემცირდა და ბევრმა ბათუმელმა ნაკლებად გააქირავა ბინები, თუმცა ბევრი ახალი სასტუმრო იხსნება და ის, რომ ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტია ისტორიაში, არის შედეგი იმის, რაც კეთდებოდა და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. მე ვფიქრობ, რომ ახლა აჭარაში და ყველგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ხალხს. მახათი კი არ უნდა იხმაროს მუდმივად არასწორი მიმართულებით, არამედ რეალურად მიხედოს ხალხს. რა არის ხალხის მიხედვა – ბათუმში უნდა აღდგეს ბარაკებისგან გათავისუფლების პროგრამა, ბიუჯეტი უნდა აღდგეს ძველ პირობებში და უნდა გაგრძელდეს მშენებლობა და ხალხის დასაქმება. ახლა წარსულის ქექვის დრო არ არის, მუდმივად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. ახლა რასაც ვხედავ, ერთმანეთთან გარჩევებს და გარკვევებს გადაყვა მთავარი რაღაც, ეს ყველაფერი კი არის დაპაუზებულ და შეჩერებულ მდგომარებაში. რაღაცეები ინერციით კიდევ გრძელდება, მაგრამ ახალი უნდა შეიქმნას და განვითარდეს. ერთი ორსართულიანი შენობა არ დაწყებულა ბოლო 9 თვის განმავლობაში ამ ქალაქში, მაშინ როცა ადრე 50-სართულიანები იწყებოდა ყოველ თვეში ერთხელ და ყოველთვე იწყებოდა რაღაც სხვა. ეს არის პრობლემა, ჩვენ ამაზე უფრო უნდა ვიფიქროთ, ვიდრე იმაზე, რომელი გამგებელი რომელი კლანისაა, ამ პარტიამ ის გაიყვანა, იმ პარტიამ ის დაანიშნინა. ამას ჰქვია ნეპოტიზმი. ნეპოტიზმი რა არის, რომ შენი ნათესავი, ახლობელი, მეგობარი გაიყვანო, ყველა სხვას კი გზა ჩაუკეტო. როცა ამ პრინციპით მოქმედებ, ყოველთვის ერთი კლანი შეებრძოლება მეორეს, მეორე მესამე და ხალხის დარჩება მოტყუებული და გაღიმებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.