მიხეილ სააკაშვილი - ეკლესიების მნგრეველს მეძახდნენ, თუმცა ფუნიკულიორზე ეკლესიის მშენებლობა დასრულებულია

მიხეილ სააკაშვილი - ეკლესიების მნგრეველს მეძახდნენ, თუმცა ფუნიკულიორზე ეკლესიის მშენებლობა დასრულებულია

ხალხი, რომელიც ბათუმის ფუნიკულიორს კმაყოფილი სახით ხსნის, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ აშენებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის საბაგირო გზის და ფუნიკულიორის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკლესიების მნგრეველს ეძახდნენ, თუმცა ფუნიკულიორზე ეკლესიის მშენებლობა დასრულებულია.

"ამ რამდენიმე დღის წინ ვნახე, როგორ ზარ-ზეიმით გახსნეს ამ ფუნიკულიორის საბაგირო. მიხარია, რომ მათ ეს უხარიათ. უბრალოდ, მე მინდა ვთქვა, რომ ის ხალხი, ვინც საბაგიროს კმაყოფილი სახით ხსნის, ის ხალხია, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ აშენებულიყო. გახსოვთ ის ტყუილები, რომ სააკაშვილმა ეკლესია დაანგრია. ეკლესიის მგრეველი, საზიზღარია. დღემდე იმეორებენ "ასალავ დასავალის" კლიშეებს, რომ ეკლესიის მგრეველია. სად არის აბა დანგრეული ეკლესია? აი, ეკლესია, ჯვარი და ფუნიკოლიორი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ბათუმში უცხოელი ტურისტების მატებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ტურისტების ხარჯზე სულდგმულობს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ტურიზმს ხელოვნური სტიმულირებაც სჭირდება.

"წელს ბათუმში არის ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ისტორიაში. სამწუხაროა, რომ ქართველი ტურისტების რაოდენობა შემცირდა და ბევრმა ბათუმელმა ნაკლებად გააქირავა ბინები, თუმცა ახალი სასტურმოები იხსნება. ის, რომ ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტია, არის შედეგი რაც კეთდებოდა. პროექტები უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ხელოვნურად უნდა მივცეთ სტიმულირება ტურიზმს. დღეს, საქართველოს ეკონომიკას ერთადერთი რაც ასულდგმულებს, ეს არის ტურიზმი. გაიცემა ხელფასები, პენსიები და არსებობს ბიუჯეტი, ეს არის ამ ტურისტების ხარჯზე. ამას სჭირდება მეტი წყლის დასხმა, წინააღმდეგ შემთხევაში, ის მცენარე დაჭკნება, რაც ამ წლებში იფურჩქნებოდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქით, ფუნიკულიორის მშენებლობა ბოლომდე უნდა დასრულდეს.