თეა წულუკიანი:  კომისიის უფლებამოსილებაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აღმოფხვრა

თეა წულუკიანი: კომისიის უფლებამოსილებაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აღმოფხვრა

იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, პირველი სხდომა საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი იყო. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო შემოსული ინფორმაციები და პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობის" წერილი, რომელშიც მიხეილ მაჭავარიანი სხვადასხვა ტიპის სავარაუდო დარღვევებს აღწერდა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ზოგიერთი მათგანი საჭიროებს ან დაზუსტებას ან უფრო მეტ ინფორმაციას შსს-დან, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.

მისი ინფორმაციით, გაიცა შესაბამისი დავალებები და გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ფაქტი მათ შორის ვანის შემთხვევაც არის წინა წლის ფაქტი და მათ არავითარი კავშირი არ აქვს წინასაარჩევნო პროცესთან.

მინისტრის ინფორმაციით, მსჯელობა იყო ფორმატზე. მის თქმით, მის მიერ დაშვებულია გამონაკლისი, რომ დღევანდელ შეხვედრას სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით "ნაციონალური მოძარაობის" ორი წევრი დასწრებოდა, რაც გაპროტესტებული იქნა სხვა პარტიების მიერ. შესაბამისად საკითხი დაისვა კენჭისყრაზე და გადაწყდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ამიერიდან, ისე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები, კომისიის სხდომაზე მხოლოდ ერთი წევრით იქნება წარმოდგენილი.

ამავდროულად, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არასამთავრობოებს ეთხოვათ რომ ყველა ის ინფორმაცია, რაზეც ისინი საუბრობენ, კომისიას მიაწოდონ. წულუკიანის განცხადებით, კომისიის უფლებამოსილება კანონის შეცვლა არ არის, მისი უფლებამოსილებაა არსებული კანონის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აღმოფხვრა წინასაარჩევნო პერიოდში.

მინისტრის განმარტებით, კანონი არ უკრძალავს გამგებელს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწლეობას საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის. წულუკიანი მიიჩნევს, რომ თუ გამგებელი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებით დაკავდება და დაკავდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, უკეთესი იქნება.

მინისტრის ინფორმაციით, კომისიის მომავალი სხდომისთვის რეკომენდაციების პროექტი იქნება, რომლებიც დამტკიცდება.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შემდეგი სხდომა 2 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. 2 სექტემბრის შემდეგ კი, ყოველ ორშაბათს 11:00 საათზე, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე უწყებათაშორისი კომისიის სხდომები გაიმართება.