ლადო პაპავა უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

ლადო პაპავა უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

თსუ-ს ახლად არჩეული რექტორის ლადო პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. 

როგორც ლადო პაპვამ დღეს "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი რექტორის არჩევის შემდეგ, კანონი არ ითვალისწინებს კონტრაქტების შეწყვეტას და ახალი კონკურსების ჩატარებას.

მისივე თქმით, კონკურსის გამოცხადება კონტრაქტების დასრულების შემდეგ იგეგმება. როგორც ლადო პაპავამ განაცხადა, აკადემიურ პერსონალთან დაკავშირებით საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. მისივე თქმით, მისი ამოცანაა, რომ საკონკურსო კომისიები დაკომპლექტდეს მაღალპროფესიონალი, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე კადრებით და კონკურსი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

ამასთან, უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე ამოცანი არის, რომ სასწავლო წელი ყოველგვარი ხარვეზების გარეშე დაიწყოს. რაც შეეხება სტრატეგიულ გეგმას, იგი განხორციელდება რექტორის კონცეფციის მიხედვით, იმისათვის, რომ მოხდეს უნივერსიტეტში ცოდნის დონის ამაღლება.

ლადო პაპავას განცხადებით, სექტემბრიდან დაიწყება Eშეხვედრები ფაკულტეტებთან და რექტორი ფაკულტეტებს სთხოვს თავიანთი ხედვის წარმოდგენას სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. ამასთან, გარკვეული დავალებები მიცემა საბიბლიოთეკო ფონდს.

პაპავას თქმით, იგი დაინტერესებულია სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობით. ამასთან, რექტორის განცხადებით, მას ყოველკვირა ექნება მიღების საათები, სადაც სტუდენტებს რექტორთან უშუალო საუბრის საშუალება მიეცემა.

ლადო პაპავას განმარტებით, მნიშვნელოვანია პოსტ-დოქტურანტურის ინსტიტუტის შექმნა, ასევე ერთ-ერთი სწრაფად განსახორციელებელი საქმეა სტუდენტთა ჩართულობის გაძლიერება სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.

ახალი რექტორი გეგმავს, რომ უნივერსიტეტში აღდგეს სააპელაციო სისტემა, სადაც კონკურსის შემდეგ წარმოქმნილი დავების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. ლადო პაპავამ ჟურნალისტებს შესთავაზა, რომ ასი დღის შემდეგ ისინი კვლავ შეიკრიბონ და გაწეული მუშაობა შეაფასონ.

თსუს-ს რექტორად აკადემიურმა საბჭომ ლადო პაპავა 16 აგვისტოს აირჩია.