ნინო ბურჯანაძე:  მთავარი ამოცანა იქნება იმ ხმების დაცვა, რომელსაც მივიღებთ

ნინო ბურჯანაძე: მთავარი ამოცანა იქნება იმ ხმების დაცვა, რომელსაც მივიღებთ

პრეზიდენტობის კანდიდატმა, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რუსთავში კოსტავას 10 ნომერში საკუთარი საარჩევნო შტაბი გახსნა. 

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მისთვის რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად მძიმე და სერიოზული პრობლემები აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყნის სწორი განვითარება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს გონიერი მმართველი და ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად არსებობს რეალური პოლიტიკური საფუძველი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის და გია ბურჯანაძე რუსთავში ყოფნისას შტაბის მუშაობითაც დაინტერესდნენ.

"დღეიდან, შტაბი დაიწყებს ძალიან სერიოზულ მუშაობას. ჩვენ რამდენიმე კონკრეტული ამოცანა დავუსახეთ შტაბს: უპირველესი არის ჩვენი პოზიცია მივიდეს რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს ჩვენი პროგრამა, ჩვენი ხედვა, ჩვენი შეურიგებლობა კოჰაბიტაციასთან და უსამართლობასთან. ამავდროულად, მეორე მთავარი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში და მთავარი ამოცანა არჩევნების შემდეგ არის იმ ხმების დაცვა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ.

სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს კარგი ტრადიცია არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებისა. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ამჯერად ეს მახინჯი ტრადიცია შეიცვლება. ჩვენი აქტივისტები მზად არიან ჩვენი ხმების და გამარჯვების დასაცავად", - განაცხადა ბურჯანაძემ.