ნინო ბურჯანაძე მარნეულის რაიონში შეხვედრებს მართავს

ნინო ბურჯანაძე მარნეულის რაიონში შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, აღმამედლოსა და კაჩაგანში შეხვედრებს მართავს. "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაცით, მოსახლეობასთან შეხვედრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პრობლემები შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: ერთი არის ყოფითი პრობლემები და მეორე- სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. 

"ყოფითი პრობლემებიდან ადამიანებისათვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ ამ სოფელში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ბევრ სოფელში, არ არის სასმელი წყალი, არ არის გზა და რაც ყველაზე სამწუხაროა, სოფელში სადაც 1300-მდე ოჯახი ცხოვრობს არის მხოლოდ ერთი სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. პრაქტიკულად იმის შიშით, რომ ბავშვებს სკოლა თავზე არ ჩამოენგრეთ, ისინი სკოლაში ვერ დადიან. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც მიხედვა უნდა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემებიდან ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობისათვის მეტად მტკივნეულია რუსეთის ბაზრისა და სავიზო რეჟიმის საკითხი.

"მე მიხარია, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც დღეს შეხვედრას ესწრებოდა დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა მოთხოვნას, რომ აუცილებელია მათმა შვილებმა ისწავლონ და იმეტყველონ ქართულ ენაზე და ჩაერთონ საერთო სახელმწიფოებრივ საქმეში. ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ თავი იგრძნოს ღირსეულად, დაცულად და ეს იქნება ჩვენი სამშობლოს ერთიანობის, ძლიერების და განვითარების გარანტი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარტიის თავმჯდომარე დღესვე ეწვევა სოფელ ორჯონიკიძეს, ალგეთს, ხოლო 19:00 საათისთვის შეხვედრას გამართავს მარნეულის ცენტრში.