ლევან ბერძენიშვილი:

ლევან ბერძენიშვილი: "რესპუბლიკურ პარტიაში" არავინ იცის, ვის აირჩევენ ან ვინ რამდენ ხმას მიიღებს

"რესპუბლიკურ პარტიას" ყოველთვის ახალგაზრდული შემართება ჰქონდა", - ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა "ახალგაზრდა რესპუბლიკელების" ყრილობის დაწყებისას გააკეთა. 

ყრილობა "დიდუბე პლაზაში" მიმდინარეობს, სადაც დელეგატი ახალგაზრდა რესპუბლიკელები აღმასრულებელი საბჭოს ახალ შემადგენლობასა და მოძრაობის თავმჯდომარეს აირჩევენ. ასევე დაამტკიცებენ მოძრაობის ლოგოტიპს, დეკლარაციას, ახალ დებულებასა და სამოქმედო გეგმას.

ყრილობაზე მიწვეულმა ვეტერანმა "რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტია", ისევე როგორც მისი ახალგაზრდული ფრთა, შიდა პარტიულ დემოკრატიულ პრინციპებზეა აგებული და არავინ იცის, ვის აირჩევენ, ვინ რამდენ ხმას მიიღებს, ან რამდენ ხმას ვერ მიიღებს.

"რესპუბლიკური პარტია" ყოველთვის ახალგაზრდული პარტია იყო. ის თავის დროზე ახალგაზრდებმა შექმნეს. ეს 35 წლის წინ იყო და ჩვენ მაშინ ამ ასაკის ვიყავით, ზოგიერთები გაცილებით უმცროსები, მაგალითად, ჩემი ძმა დავით ბერძენიშვილი. პარტიას ყოველთვის ახალგაზრდული შემართება ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, ნელ-ნელა ვბერდებით. მოვიდა ახალი ტალღა, ახალი ლიდერები. ეს არის 21-ე საუკუნის "რესპუბლიკური პარტია" და ეს ახალგაზრდები "რესპუბლიკურ პარტიას" მთლიანად ჩაიბარებენ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.