გიორგი ონიანი:

გიორგი ონიანი:"პროკურატურა ძალიან არათანმიმდევრულია".

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბაჩო ახალიას ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, "პროკურატურა ძალიან არათანმიმდევულია".

ამის შესახებ ონიანმა ჟურნალისტებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ საუბრისას განუცხადა.

"მათ განაცხადეს, რომ საქმე დაწყებულია გულგრილობის მუხლით და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს ბაჩო ახალაია. ძალიან არათანმიმდევრულები არიან. საზოგადოებას 9 თვის განმავლობაში უმტკიცებდნენ, რომ ბაჩო ახალაია ამ ყველაფრის თავი და თავი იყო და როდესაც პროკურატურა გულგრილობის მუხლით იწყებს გამოძიებას, ეს თავშივე გამორიცხავს უკვე 9 თვის განმავლობაში ნამტკიცებს, რომ თითქოს იგი ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა. გულგრილობა არის მუხლი, როდესაც ვერ შეძლო კონკრეტულმა თანამდებობის პირმა გაეკონტროლებინა მისი რომელიმე ქვეშევრდომი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. საკმაოდ აბსურდში შევიდნენ და არ ვიცი ამას თვითონ როგორ ახსნიან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუკი ვინმეს მხრიდან არის გულგრილობა, ეს არის სოზარ სუბარის მხრიდან ლევან კორტავას წამების ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც წამებით მოკლეს ეს ადამიანი და იმავე დღეს გამოდის სასჯელაღსრულების მინისტრი და აცხადებს, რომ თურმე კიბიდან დაგორდა. ორმაგი სტანდარტი და ასეთი მიდგომაა, რომ დღევანდელ თანამდებობის პირების ბევრად უფრო მძიმე ქმედებებზე კითხვები მათ მიმართ არ ჩნდება, გამოძიება არ იწყება და იძიებენ იმას, რომ თურმე 5-6 წლის წინ ბაჩო ახალაია გულგრილად მოეკიდა რაღაც კონკრეტულ ფაქტს და მას გამოეპარა ის, რომ რომელიღაც ციხის დირექტორმა კონკრეტულ პატიმარს ხელი გაარტყა", - განაცხადა ონიანმა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბაჩო ახალაია მოწმის სტატუსით უახლოეს დღეებში დაიკითხება.