მოლი კორსო:

მოლი კორსო: "აშენებს თუ არა მოსკოვი კიდევ ერთ ბერლინის კედელს?!"

"აშენებს თუ არა მოსკოვი კიდევ ერთ ბერლინის კედელს?!", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet მოლი კორსოს სტატიას. მოლი კორსო სტატიის დასაწყისში სოფელ დიცში მცხოვრებ მამაკაცზე წერს - ყოველთვის, როცა ილია ბერუაშვილს თავისი ძაღლის ყეფა ესმის, იცის, რომ მის ჭიშკარს რუსები მოადგნენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დიცში მცხოვრები 53 წლის ბერუაშვილი საკუთარი ფანჯრებიდან ხედავს, როგორ განლაგდნენ რუსი სამხედროები მეზობელ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და როგორ პატრულირებენ იმ მდელოებზე, რომელსაც ის ამუშავებდა.

"ისინი სულ უფრო ახლოს მოდიან. რამდენიმე თვის წინ, სამხედროებმა მისი სარდაფიდან რამდენიმე მეტრში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს, რომელიც ბერუაშვილის სახლსა და მიწის ნაკვეთებს საქართველოს იურისდიქციის მიღმა და რუსეთის მიერ კონტროლირებად, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტოვებს", - წერს მოლი კორსო და დასძენს, რომ 2008 წელს საქართველო-რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ტერიტორიაზე, რომელიც ცხინვალის აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის ჯარები არ უნდა იდგეს. თუმცა, ამ შეთანხმებას რუსები არ შეუჩერებია საქართველოში ბარიერები აღემართათ.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს 15 სოფლის გასწვრივ აღმართულმა, 27-კილომეტრიანმა ღობემ ოჯახები გაყო და ადამიანებს საცხოვრებელი პირობები შეუზღუდა, ფერმარები კი საკუთარ მიწის ნაკვეთებსა და ბაღებს დააშორა.

"ღობეების აღმართვამ ეთნიკურად ქართველებს სასაფლაოებზე და სარწყავ არხებთან მისასვლელი გადაუკეტა ისევე, როგორც ზოგიერთ ეთნიკურად ოს ოჯახს ჯანდაცვისა და საპენსიო მომსახურება მოუსპო. დიცში ღობეები მწვანე ფერის პლასტიკური მასალისგანაა აღმართული. სხვა სოფლებში, მაგალითად ხურვალეთში, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისის დასავლეთით, 69 კილომეტრში მდებარეობს, მავთულხლართებია აღმართული", - წერს მოლი კორსო და აღნიშნავს, რომ ეს მავთულხლართები იმის შეხსენებაა, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმებას და როგორი უუნაროა თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, პასუხი მოსთხოვოს მოსკოვს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ასეთი ნაგებობების აღმართვა ახალი არ არის და, როგორც ბერუაშვილი აცხადებს, 2010 წელს რუსი სამხედროები შეეცადნენ სასაზღვრო ნიშნების დაყენებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის გაფართოებას მისი ეზოს ხარჯზე. თუმცა, მაშინ ბერუაშვილმა შეძლო მათი შეჩერება.

მოლი კორსო ასევე ციტირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-მდივნის, ენ ვასენის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა შიდა ქართლში ღობეების აღმართვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყეს.

"მაგრამ, მიუხედავად თბილისის, ნატო-სა და აშშ-ს პროტესტისა, რომ ღობეების აღმართვა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა, მათი აგება მაინც გრძელდება", - წერს მოლი კორსო. მას ენ ვესენის კომენტარი მოყავს, რომ ამის მიუხედავად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო "გააქტიურდა".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჰანს შნაიდერს, გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გერმანელ ხელმძღვანელს, ამ ნაგებობამ ბერლინის კედელი მოაგონა, რომელიც 1961-1989 წლებში გერმანულ ქალაქს შუაზე ყოფდა.

"დედაჩემი ტიროდა, როცა ქალაქის მეორე მხარეს, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები ჩემი დისგან წერილი მიიღო. ვიცი, რომ ამ სიტუაციას სრულად ვერ შევადარებთ საქართველოში არსებულ ვითარებას. მაგრამ ეთნიკური ოსებისა და ქართველების უამრავი შერეული ოჯახები მინახავს, სადაც დედები თავიანთი ქალიშვილებისთვის ტირიან", - ციტირებს სტატიის ავტორი, ჰანს შნაიდერის კომენტარს და დასძენს, რომ ადგილობრივები აღმართულ ნაგებობებს თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვად მიიჩნევენ.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის კომენტარს, რომელიც "ევრაზიანეტთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა რუსეთის მიერ ღობეების აღმართვის საკითხი ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. მაგრამ, ჯერჯერობით, კრემლი იგნორირებას უკეთებს საქართველოს ძალისხმევას ამ მშენებლობების შეჩერებაზე.

"ჩვენ მუდმივად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს და იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთთან ურთიერთობს. ამ ეტაპზე რუსეთს არ ადარდებს საზღვრები, მაგრამ მომავალ კვირას, მომავალ თვეს, მომავალ წელს შესაძლოა ეს გახდეს ის საკითხი, რომელზეც მას კომპრომისი მოუწევს", - განაცხადა "ევრაზიანეტთან" საუბრისას ქემოკლიძემ. მისივე თქმით, საქართველომ "სტრატეგიული მოთმინება" უნდა გამოიჩინოს, თუმცა აქამდე ასეთ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია.

მოლი კორსო ასევე ციტირებს საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ვიდრე საქართველო მოსკოვთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების მზადყოფნას აცხადებს, აღმართული ღობეები მიუთითებს, რომ რუსეთი სათანადო პასუხისთვის არ არის მზად.

"მაგრამ, ჩვენ გადავლახავთ ამ ღობეებს. ბერლინის კედელი დაინგრა, ასე რომ, ეს ღობეები უბრალოდ სასაცილოა", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მოლი კორსო ასევე აღნიშნავს, რომ ზაქარეიშვილის თქმით, საქართველო გათვლას მოთმინებასა და "სიტუაციის პრაგმატულად შეფასებაზე" აკეთებს. თუმცა, კონფლიქტის ხაზთან ახლოს მცხოვრებ ადგილობრივებს მოთმინებისთვის ცოტა მიზეზი აქვთ.

"ომის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით ბერუაშვილი იძულებული გახდა სამი შვილი გაეხიზნა. ის მარტო დარჩა დედასთან ერთად და რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმულ ბაღს უვლის, სადაც მცირეა იმის რისკი, რომ რუსები დააპატიმრებენ. ის ამ ტერიტორიაზე ქართველი პოლიციელების პატრულირების დროს ელის, რათა მამის საფლავზე მივიდეს ან დაკრიფოს მწვანილი იმ ბოსტანში, რომლის სიახლოვესაც რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ", - წერს მოლი კორსო და დასძენს, რომ ბერუაშვილს სხვა ადგილობრივების ნაცვლად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წინ აღუდგეს და ყველაფერი იღონოს, რათა მისი სახლი და მიწა დე ფაქტო, რუსეთის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ნაწილად არ იქცეს.

"შეძლებს თუ არა ასეთი სიმტკიცე წარმატების მოტანას იქ, სადაც საერთაშორისო ნორმები ვერაფერს გახდა, მომავალი გვიჩვენებს", - წერს მოლი კორსო.