ველოდები, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები დღეს განადგურდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელმა და ამ საკითხზე მომუშავე კომისიის წევრმა ეკა გიგაურმა განუცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ მასალები განადგურდეს და სამართლებრივად არანაირი კითხვები არ გაჩნდეს.
"შსს-ს მხრიდან ბოლო ინფორმაცია ის არის, რომ განადგურების წესი უკვე შედგენილი და დამტკიცებულია. ამაში ჩართული არის პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. კომისიის დებულებაც არის უკვე შემუშავებული და დამტკიცებული. შესაბამისად, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ჩართულია იმაში, რომ დაადგინოს და დაამოწმოს ის, რომ ამ არქივში მართლაც არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. დღეს ველოდებით კონკრეტულ პასუხს სად ვართ ამ მიმართულებით და როგორ ვითარდება მოვლენები. ველოდები, რომ დღეს განადგურდება. რაც ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი იყო ჩვენ უკვე გავაკეთეთ. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ ეს განადგურდეს და სამართლებრივად არანაირი კითხვები არ გაჩნდეს", - განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, მასალების განადგურება საჯაროდ, მედიის თანდასწრებით უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს გამართული კომისიის სხდომის შემდეგ ითქვა, რომ ეს მასალები 15 აგვისტომდე განადგურდება.