შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გასანადგურებლად მოსამზადებელ სამუშაოებს, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ამ საკითხზე მომუშავე კომისიის წევრმა და გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, თუ ეს სამუშაო დღეს დასრულდება, შესაძლოა დღესვე შეიკრიბოს კომისია და მასალებიც დღესვე განადგურდეს.
"ჩემი ინფორმაციით, მომზადდა დებულება კომისიისთვის. დღეს სრულდება მომზადება, რათა კომისიის მიერ დელეგირებული წევრი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი ამ მასალებს გაეცნოს; მომზადებაში იგულისხმება გადარჩევა და დამუშავება. შსს-მ მასალები ისე უნდა მოამზადოს, რომ ვერ მოხდეს ამ მასალებში მოქმედი ადამიანების იდენტიფიცირება. მე ვესაუბრე ქალდანს და მითხრა, რომ ეს დღეს დილისკენ ან მაქსიმუმ შუადღემდე დასრულდება. შემდეგ ქალბატონი ქალდანი ამ მასალებს შეამოწმებს. წესით, დღეს უნდა დასრულდეს მასალების ყველანაირი დამუშავება, რათა განადგურდეს. სამწუხაროა, რომ პროცესი გაჭიანურდა. იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება უკიდურესი დღე განადგურების თვალსაზრისით", - განაცხადა ტუღუშმა და აღნიშნა - შინაგან საქმეთა მინისტრი კომისიის წევრებს დაპირდა, რომ ეს მასალები მაქსიმუმ 15 აგვისტომდე განადგურდებოდა.
მისივე თქმით, თუ მასალები ბოლომდე მომზადდება გასანადგურებლად, კომისია შესაძლოა, დღესვე შეიკრიბოს.
"დღეს, პრინციპში დასრულდება მომზადება. თუ ეს მოხერხდა, შესაძლოა დღესვე შეიკრიბოს კომისია, გადაწყვეტილება მივიღოთ და გავანადგუროთ", - აღნიშნა ტუღუშმა.
რაც შეეხება შს სამინისტროს, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ ამ თემაზე სიახლე როდესაც იქნება, თავად გაავრცელებს ინფორმაციას. "მეტ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს გამართული კომისიის სხდომის შემდეგ ითქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების 15 აგვისტომდე განადგურდება. საუბარია 100-მდე ფაილზე.