პროკურატურასთან კბილაშვილისა და კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

პროკურატურასთან კბილაშვილისა და კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთავარ პროკურატურასთან, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარი, კონსტანტინე კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "წინააღმდეგობის მოძრაობა" და მედია კავშირი "ობიექტივი" იყვნენ. 

აქციის ორგანიზატორებმა დღეს კონკრეტული მოთხოვნებიც გააჟღერეს. კერძოდ, როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, თანამდებობა უნდა დატოვონ არჩილ კბილაშვილმა და კონსტანტინე კუბლაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, უნდა გასამართლდეს "ნაციონალური მოძრაობა" და დაისაჯოს ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი, ვისაც დანაშაული მიუღძვის.

როგორც მან აღნიშნა, ბაჩო ახალაიას ბრალი მოუხსნეს და თუ კი პროკურატურა უნიათოა, მაშინ კბილაშვილი თანამდებობიდან უნდა წავიდეს.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. როგორც სიტყვით გამოსვლისას ორგანიზატორები აცხადებდნენ, ქვეყანაში სამართლიანობა არა მხოლოდ არ აღდგა, არამედ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სამართლიანობის აღდგენისთვის. მათი თქმით, კბილაშვილი დაკავებულია იმით, რომ წინა ხელისუფლების დამნაშავეები გაათეთროს.

მათი თქმით, არც ერთი სერიოზული მუხლი არ წაუყენებიათ არც მერაბიშვილისთვის და არც ახალაიასთვის, ბრალი არ წაუყენებიათ ასევე პრეზიდენტისთვის.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვენ, რომ შეიცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება და შეასრულონ დაპირება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას უკავშირდებოდა.

მათ ჰქონდათ პლაკატები წარწერებით და კბილაშვილის გადახაზული სურათებით: "გადადგეს კბილაშვილი", "გასამართლდეს რეჟიმი", "კოჰაბიტაცია შეთქმულებაა", "შეწყდეს კოჰაბიტაცია".

აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა, მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურის შენობასთან სოსო რობაქიძე გამოჩნდა. მან დღევანდელი აქცია გააპროტესტა. ის მიიჩნევდა, რომ აქცია არა პროკურატურასთან არამედ კონსტანტინე კუბლაშვილთან უნდა გამართულიყო. აქციას მან შეკვეთილი უწოდა. აქციის მონაწილეები მას შეეპასუხნენ, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა, რადგან მან ტერიტორია მალევე დატოვა.