მარგველაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომ სდომოდა, არ გადადგებოდა

მარგველაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომ სდომოდა, არ გადადგებოდა

უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მისამართით ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" შენიშვნებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ მარგველაშვილი ჯერ ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირებული არ არის. 

საგანელიძის განცხადებით, მარგველაშვილს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომ სდომოდა, მინისტრის პოსტიდან არ გადადგებოდა.

"მიკვირს, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს იმ თემებზე საუბრობს, რომელიც ამ წლების განვლობაში ერთი ასად და ერთი ათასად იყო აქტუალური და გაჩუმებული იყვნენ. ახლა ეძებენ მიზეზს, რომ რაიმე სალაპარაკო გახდეს. გიორგი მარგველაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომ სდომოდა, უფლება ჰქონდა ბოლო დღემდე განათლების მინისტრი ყოფილიყო. მან ძალიან მაღალი ზნეობრივი ნაბიჯი გადადგა და მინისტრის პოსტი დატოვა. მარგველაშვილი ერთადერთი პირია ბოლო წლების მანძილზე, რომელმაც ყველა ბერკეტი დათმო, რაც შეიძლება ჰქონოდა. რაც შეეხება ახმეტის თემას, ის იქ ჩავიდა როგორც მოქალაქე მარგველაშვილი, რადგან ის დღესაც ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

მარგველაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 27 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნაში საუბრობს. ამ კონტექტში აღნიშნულია, რომ მარგველაშვილი ხშირად ჩნდება ბიუჯეტით დაფინანსებულ საჯარო ღონისძიებებზე.

"მაგალითად, 30 ივლისს მარგველაშვილი "შრომის კოდექსის" პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. აგრეთვე, ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატთან და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა თუშეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს - თუშეთობას. ღონისძიებაზე ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით წარადგინა", - ნათქვამია დოკუმენტში.

"სამართლიანი არჩევნები ანგარიშში დადებითად აფასებს მარგველაშვილის მიერ ოფიციალური კამპანიის დაწყებასთან ერთად, განათლებისა და მეცნერების მინისტრის თანამდებობის დატოვებას, თუმცა აღნიშნავს, რომ კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან შეიმჩნევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, რაც თანაბარი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემო არსებობას უქმნის საფრთხეს.