მეუფე იაკობი:  ის რაც საძაგელია ღვთისთვის, საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვისაც

მეუფე იაკობი: ის რაც საძაგელია ღვთისთვის, საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვისაც

ის რაც საძაგელია ღვთისთვის, საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვისაც, - ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა. მისი განცხადებით, ქართველი კაცი არ შეიძლება უზნეობას შეეგუოს. "ძალიან ბევრი მოეთხოვება ადამიანს და არ შეიძლება ის უზნეობას შეეგუოს, როცა უზნეოდ ცხოვრობ უღმერთოდ ხარ ადამიანი და ღმერთის არ ხარ, როდესაც გარყვნილებაში და გარყვნილობის ჭაობში ცხოვრობ არ ხარ ღმერთის, მაშინ ხარ უბრალოდ ადამიანის ფორმის მატარებელი. ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რატომ არის, როდესაც ქართველი ერი იცავს სარწმუნოებას, ის თითოეული ადამიანისთვის იბრძვის, მას არ უნდა, რომ ვინმეს რაღაც ცუდი შეემთხვას. ჩვენმა ერმა იცის, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, თუმცა ხშირად ხდება, რომ ჩევნც გადავარდებით ხოლმე უზნეობის ჭაობში, მაგრამ მოწყალე ღმერთი გამოგვაფხიზლებს ხოლმე. მაგალითად მე, რომ ცუდად მოვიქცე, ვიღაცამ უნდა მითხრას, რომ არ შეიძლება ასე, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ვალდებულები ვართ, რომ ერთმანეთს სწორი გზა სიყვარულით მივუთითოთ", - ბრძანა მეუფე იაკობმა. 

მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის ზნეობის სადარაჯოზე იქნება.

"ეკლესია ყოველთვის იქნება იმის სადარაჯოზე, რომ აღვირახსნილი ცხოვრებით არ იცხოვროს ადამიანმა. ამ აღვირახსნილ ცხოვრებაში არა მარტო მრუშობა, არამედ ძარცვა, ყაჩაღობა, სხვისი ჩაგვრაც მოიაზრება, რაც საძაგელია ღვთისთვის, ასევე საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვის. ჩვენი ეკლესია ყოველთვის დაიცავს იმას, რასაც საუკუნეების განმავლობაში იცავდა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

დღესვე, მან ქართველი სამხედრიოებიც დალოცა. დღეს აღინიშნება ევსტათი მცხეთელის ხსენების დღე და მეუფე იაკობმა მის ცხოვრებაზეც ისაუბრა.