ამერიკული სამხედრო ხომალდის "ბალკლის" კაპიტანი მეტ ფილიპსი დღეს საღამოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის მიღებას გამართავს. ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა. ხომალდის ეკიპაჟი 13 აგვისტომდე ქართველი კოლეგებისთვის წვრთნებს ჩაატარებს.
როგორც კაპიტანმა მეტ ფილიპსმა საზღვაო ხომალდზე ჟურნალისტებს განუცხადა, საღამოს გამართული მიღების მიზანია ხაზი გაესვას ამერიკასა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას:
"დღეს საღამოს მიღება გაიმართება ჩემი და ამერიკის ელჩის სახელით. ჩვენ ამ მიღებაზე ველოდებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ნაწილობრივ მაინც მადლობა გადავუხადოთ ქართველ მასპინძლებს შესანიშნავი სტუმართმოყვარეობისთვის, კეთილი მიღებისთვის და აგრეთვე, ხაზი გავუსვათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას", - აღნიშნა კაპიტანმა კაპიტანმა მეტ ფილიპსმა.
დღეს საღამოს 19:00 საათზე დაგეგმილ მიღებას სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრებიან.