ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქვეშში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქვეშში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქვეშში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მხარეებს რაიმე სახის პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 10 აგვისტოს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავის ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებდა ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მეორე მხრიდან გასროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ქართული პოლიციის მანქანა გამოჩნდა და მოტრიალდა ბარიერის წინ, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული პერსონალი აკონტროლებს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ქართული პოლიცია გაეცალა ინციდენტის ადგილს.

იმავე დღეს, ცხელი ხაზის აქტივაციის შემდგომ, სპეციალური შეხვედრა გაიმართა ქვეშში, რომელსაც ესწრებოდნენ ქართული პოლიციის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მესაზღვრეების სამსახურების, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. მხარეები შეთანხმდნენ, აირიდონ ისეთი ქმედებები, რომელთაც შეიძლება სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

2008 წლის ომის წლისთავზე, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავი შეიკავონ პროვოკაციისგან.