ქუთაისში იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება

ქუთაისში იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება

11 აგვისტოს, 17 საათზე, ქუთაისში, ვერიკოს სკვერში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70 მეღვინე, რომელიც იმერული ყურძნის ჯიშების(ციცქა, კრახუნა, ცოლიკოური, ოცხანური, ძელშავი, დონდღლაბი, ალადასტური, უსახელოური და სხვა) პროდუქციას წარმოადგენს.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა იმერული ყველის და თაფლის დეგუსტაციაც. გაიმართება სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობა. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების, ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების, მხატვართა ნამუშევრების და ქუთაისში მეღვინეობასა და მევენახეობასთან დაკავშირებული საინტერესო წარსულის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული, ოჯახური მარნის ღვინოების პოპულარიზაცია, მისი ცნობადობის და კულტურის გაზრდა, კონკრეტული ბიზნესის ხელშეწყობა. ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოებიან სპეციალური სერთიფიკატებით.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ,,იმერეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" და რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია.

ფესტივალი ტარდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით.

თბილისიდან გამგზავრებას მსურველები შეძლებენ ავტობუსებით, რომელიც მათ სასტუმრო რადისონის წინ ვარდების მოედანზე 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დაელოდება.