პატიმრობიდან გათავისუფლებული ე.წ.სამხრეთ ოსეთის მოქალაქე მარეკ დუდაევი საქართველოს საპატიმროებიდან ოსი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რეინტეგრაციის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმი" ავრცელებს. საგენტოს ცნობით, მარეკ დუდაევი პაატა ზაქარეიშვილს რამდენჯერმე უკვე დაუკავშირდა.
"თავისუფლებაზე მყოფი აქტიურად ვმუშაობ ჩემი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად - საქართველოს საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც ჯერ ისევ იქ იმყოფებიან. დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება ასრულდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე საქართველოსთან კავშირები მაქვს. ჩემი გაცილებისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა მითხრა, რომ ყოველთვის მზადაა ჩემთან ჰქონდეს საქმე. მე მას რამდენჯერმე დავეკონტაქტე და ვიცი, რომ ის სიტყვებს ქარს არ ატანს", -აცხადებს მარეკ დუდაევი "რეგნუმთან" საუბრისას.
მარეკ დუდაევის ინფორმაციით, საპატიმრო, რომელშიც ის სასჯელს იხდიდა, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისთვის იყო განკუთვნილი.
"ერთი პერიოდი საპატიმროში ოსები მოიყვანეს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი 2005 წლის თებერვალში გორში მომხდარი ტერაქტის გამო. მე პირადად მათ არ შევხვედრივარ, მაგრამ კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით სისტემატურად ვუთვლიდი მოკითხვებს. ეს ნიშნავს, რომ მათ მფარველობდნენ და შიგნით მათ არაფერი ემუქრებოდათ. მოგვიანებით ისინი სხვა საპატიმროში გადაიყვანეს, მაგრამ მე მგონია, რომ ისინი ახლაც აბსოლუტურად უსაფრთხოდ არიან", - აღნიშნავს დუდაევი.
მარეკ დუდაევი 2004 წლის 16 მარტს სოფელ არცევში ქართველი სპეცრაზმელების მიერ იქნა აყვანილი. სროლის დროს დუდაევს 7 ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა.
ქართულმა მხარემ მარეკ დუდაევი თბილისი-მცხეთის სარკინიგზო მონაკვეთზე განხორციელებულ დივერსიაშიც თანამონაწილედ სცნო. მას ბრალი ძარცვა-ყაჩაღობაში, გამოძალვასა და მკვლელობაში ედებოდა. სასამართლომ დუდაევს 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დუდაევმა საპატიმროში 9 წელი გაატარა, მას წელს ამნისტია შეეხო და ივნისში გათავისუფლდა.