გეგუთის ციხეში ცემისგან გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა ხელისუფლებასა და სასამართლოს უნდობლობას უცხადებს. როგორც ხათუნა კორტავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ გამოძიებას დამნაშავეების დასჯა არ სურს.
"რის ნიადაგზე დაუშვა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება? ვეკითხები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვეკითხები ამ ხელისუფლებას, ვეკითხები ივანიშვილს, რომელსაც ხელის გულზე, ზარ-ზეიმით დაყავს კოტე კუბლაშვილი. ომი გამომიცხადეს? ომს მე ახლა დავიწყებ. ორშაბათს მივდივარ პროკურატურაში, ჩემ ადვოკატებთან ერთად და მაინტერესებს რა პასუხს გამცემენ?
აბსოლუტურად ყველას უნდობლობას ვუცხადებ. ცოტა რაღაც იმედი მქონდა, რომ სამართალს ვიპოვიდი, მაგრამ ნამდვილად შევცდი. მინდა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, სასტიკად დაისაჯოს. ყველანი უნდა დაისაჯონ - სინაურიძე, მისი მოადგილე კუჭავა და სხვა პატარა პაიკებიც, პატიმრების ჩათვლით", - აცხადებს ხათუნა კორტავა.
გარდაცვლილის მამიდა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საფუძვლიანად შეისწავლონ მისი ძმისშვილის გარდაცვალების ფაქტი და არ დაუშვან დამნაშავეთა დაუსჯელობა.
ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გეგუთის ციხის თანამშრომლები გიგა კოხოძე, ალეკო ბაბუნაშვილი და თენგიზ ნასარაია სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულებს კოხოძეს და ბაბუნაშვილს 5 - 5 ათას ლარიანი, ხოლო ნასარაიას 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მსჯავრდებული ლევან კორტავა ციხეში მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, 23 მაისს გარდაიცვალა.