"აგვისტოს ომთან დაკავშირებით ობიექტურობის ხაზს გაცდენა საქართველოს ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის"

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, "აგვისტოს ომთან დაკავშირებით ობიექტურობის ხაზს გაცდენა საქართველოს ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის".

ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კურტ ვოკერის ინტერვის იმ ნაწილის კომენტირებისას განუცხადა, სადაც ვოკერი აგვისტოს ომის გამოძიების მართებულობის შესახებ საუბრობს.

"საქმე გვაქვს ძალიან გამობრძმედილი დიპლომატის კომენტართან. მას რასაკვირველია, კეთილი სურვილი ამოძრავებს, რომ საქართველოში არ მოხდეს დაძაბულობის იმ წითელი ხაზის გადალახვა, რომელიც სახელმწიფოს ცუდ შედეგს მოუტანს და არ უნდა იყოს ეს გამოყენებული რაღაც პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მაგრამ სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ, როგორც არა ერთხელ შეუხედავს თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოუთხოვია პასუხი მაღალჩინოსნებისთვისაც, დაბალჩინოსნებისთვისაც და ამაში ტრაგედია არ ყოფილა. ეს ჩამოყალიბებული დემოკრატიაა, რომელმაც დემოკრატიის, უფლებების და რაც მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოების ფასი იცის. სწორედ ამას გვირჩევს დიპლომატი და უნდა მივიღოთ ეს რჩევა და ეს არა მარტო მისი რჩევაა, მსოფლიოც იმავეს გვირჩევს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც საზოგადოება ზუსტად უნდა იცოდეს. ობიექტურობის ხაზს გაცდენა საქართველოს ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის", - განაცხადა ვოლსკიმ.

კურტ ვოკერის აზრით, გამოძიების მიზანი შეცდომების დადგენა და მათი ხელმეორედ დაშვების თავიდან აცილება უნდა იყოს.

"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა შეცდომები, რა გაკეთდა არასწორად და რა პროცედურები უნდა შევიმუშავოთ ამ შეცდომებზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ გვქონდეს პასუხისმგებლობით სავსე ეროვნული თავდაცვა", - აღნიშნა ვოკერმა.

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან ინტერვიუ "ამერიკის ხმის" ქართულმა ბიურომ ტელეკომპანია "იმედისთვის" ჩაწერა.