დაკარგული გოგონას მშობლები პოლიციას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ

დაკარგული გოგონას მშობლები პოლიციას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ

დაკარგული გოგონას, დარეჯან დიასამიძის ოჯახის წევრები და ახლობლები ახალშენის პოლიციასთან არიან შეკრებილი. ისინი პოლიციას მიმართავენ, რომ გაძლიერებული ძებნა გამოცხადდეს და გოგონა დროულად იპოვონ.

როგორც დაკარგული გოგონას დედამ, ლამზირა მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეოთხე დღეა, მისი შვილის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ლამზირა მახარაძის თქმით, თუკი მისი შვილი ვინმეს გატაცებული ჰყავს, დროულად გამოაჩინოს, რადგან დანაშაული დაუმძიმდება.

"არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მეოთხე დღეა. ჩვენი მთავრობა გვეუბნება, ფეხზე ვდგავართო, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. ვითხოვ, ძებნა გააძლიერონ. მომინახონ ჩემი შვილი და მისი ხმა თუნდაც ტელეფონით გამაგონონ. არავის არ ვემუქრები, თუ ვინმესთან არის, მაჩვენონ ჩემი შვილი ცოცხალი. მე მას ყველაფერს ვაპატიებ, ოღონდ დამიბრუნდეს. რამდენ ხანს უნდა დამიმალონ, მე ხომ ჩემი შვილის ძებნა არ მომწყინდება. დროზე გამომიჩინონ და თავის თავსაც ნუ დაიღუპავენ. ქუჩიდან ოჯახში არ დავბრუნდები, მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებ. ყველას ვთხოვ, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ ჩემს შვილზე, ნუ დამალავენ, დამეხმარონ და ნუ დამმარხავენ ცოცხლად. გამაგონონ ჩემი შვილის ხმა", - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.

როგორც გოგონას ბიცოლა ელენე დიასამიძე აღნიშნავს, ღამე მოზარდი მასთან იყო, დილით კი სახლისკენ წავიდა. მისივე თქმით, საღამოს საათებში გოგონა თავის შეყვარებულს ტელეფონით ესაუბრებოდა.

"ღამე ჩემთან დარჩა, დილით 10:00 საათზე თქვა სახლში მივდივარ, მამიკოს დარეკვამდე სახლში უნდა ავიდეო. საღამოს ესაუბრებოდა თავის შეყვარებულს. ჩემმა რძალმა გამოაცილა ეზოდან. გთხოვთ, დაგვეხმარეთ თუ რამე იცით", - აღნიშნა ელენე დიასამიძემ.

ამასთან, როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მათ იცოდნენ, რომ გოგონას შეყვარებული ჰყავდა, თუმცა დარეჯანი მასთან არ არის.

17 წლის დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს დილის 10:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.