"უკვე დროა, ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაში სერიოზულად ჩაერთონ"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "უკვე დროა, ექიმები სერიოზულად ჩაერთონ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაში".

ასე შეაფასა პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ სააკაშვილის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას პირდაპირ კრემლის ადმინისტრაციიდან აფინანსებენ.

"მე არ ვიცი, რატომ ვერ აკონტროლებენ სააკაშვილს მისივე გუნდის წარმომადგენლები, ან მისი ოჯახის წევრები, რომ ზედიზედ ასეთი ინტერვიუები არ მისცეს. მისმა გუშინწინდელმა ინტერვიუმ მე დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უკვე საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, როდესაც აშკარად იძულებითი მკურნალობა სჭირდება ადამიანს და ეს მართლაც ძალიან სამწუხაროა. გუშინწინდელი ეს განცდა მე გამიმყარა გუშინდელმა ინტერვიუმ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი. მე ვფიქრობ, რომ უკვე დროა, ექიმები სერიოზულად ჩაერთონ ამ ვითარების გარკვევაში. ჩვენ არაერთი სარჩელი გვაქვს შეტანილი, რომელზეც აბსურდულ პასუხებს ვიღებდით, რომ ეს არ არის ბრალდება, ეს არის აზრი, ამავდროულად, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, თავად სააკაშვილის მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დროა, ამ საქმეში ექიმები ჩაერთონ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.