გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართული ბიზნესის ამნისტირების პროცესი დააჩქაროს

გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართული ბიზნესის ამნისტირების პროცესი დააჩქაროს

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე საუბრობს. როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციის სამწუხარო წინაპირობა შეიქმნა.

"საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგად მიდის და ბიზნესი ვითარდება, თუმცა ეკონომიკური პროცესების დინამიკა და სტატისტიკა გვეუბნება, რომ ეკონომიკა უკვე ღრმა ეკონომიკურ სტაგნაციაში შედის. მცირდება შემოსავლები, სამუშაო ადგილები. ამის მიზეზია პრემიერ–მინისტრის პოლიტიკური გეგმების ბუნდოვანება და რაც უფრო მალე გახდება ცნობილი მისი პოლიტიკური გეგმები, მით უფრო მალე გახდება სტაბილური ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი და შეიქმნება ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნესის განვითარების წინაპირობები", - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე განმარტებით, პარალელურად გადასადგმელია ეკონომიკური ნაბიჯები, რაც ქართული ბიზნესსუბიექტებისთვის ჯარიმებისა და საურავების ამნისტირებას გულისხმობს.

"სწორედ ადგილობრივი ქართული ბიზნესი არის რეალური რესურსი, რომელმაც შეიძლება ამ ბუნდოვან და გაურკვეველ, ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ არასტაბილურ მდგომარეობაში გარისკოს, იმოქმედოს, იაქტიუროს, აამოძრაოს თავისი ბიზნესი და დაასაქმოს ადამიანები", - აღნიშნა თარგამაძემ.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების დეპარტამენტთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ დაზარალებული ბიზნესსუბიექტების 18 000 განცხადებიდან მხოლოდ ერთი პროცენტი დააკმაყოფილა.

გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში "მკაცრი და უსამართლო" დამოკიდებულების შედეგად "დატერორებული" ადგილობრივი ქართული ბიზნესის ამნისტირების პროცესი დააჩქაროს.

"უცხოური ინვესტიციების მოლოდინში შეიძლება კიდევ დიდხანს ვიყოთ. მანამ, ვიდრე პოლიტიკის არასტაბილურობისა და პრემიერის გეგმების ბუნდოვანების გამო ქვეყანაში ვითარება გაურკვეველი იქნება, არც ერთი უცხოელი ინვესტორი აქ არაფერს გააკეთებს. სახელმწიფომ, უპირველეს ყოვლისა, ხელი უნდა შეუწყოს სწორედ ადგილობრივ ქართულ წარმოებას, ადგილობრივ ქართულ ბიზნესს", –განაცხადა თარგამაძემ.