"დინამო" ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება, გორის "დილა"- ავსტრიულ "რაპიდს"

თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ლონდონის "ტოტენჰემი" იქნება, ხოლო გორის "დილა" ავსტრიულ "რაპიდს" დაუპირისპირდება.

ევროპის ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს გაიმართა.

პლეი ოფის შეხვედრები 22 და 29 აგვისტოს ჩატარდება. პირველ შეხვედრას "დინამო" საკუთარ მოედანზე გამართავს, ხოლო გორის "დილა" – სტუმრად.

თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის "სტიაუასთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:3 (0:2,1:1) დამარცხდა და ევროპის ლიგის პლეი ოფში ავტომატურად გადაერთო.

გორის "დილამ" კი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკი" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა.