გიორგი ქადაგიძემ ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

გიორგი ქადაგიძემ ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აბდუჯაბორ შირონოვი ხელმძღვანელობს. 

გიორგი ქადაგიძემ სტუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის სპეციალიზებული შენობა დაათვალირებინა და მის უნიკალურ შესაძლებლობებზე ესაუბრა.

როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, დელეგაცია საქართველოში გერმანიის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციით ჩამოვიდა და მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, 2012 წლის ივლისში გახსნილი საკასო ცენტრი ერთადერთია დსთ-ს სივრცეში, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

"ტაჯიკეთის დელეგაცია ეცნობა იმ რეფორმებს, რომლებიც ბოლო წლებში გავატარეთ. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკურ მხარეს ეხმარება გერმანიის ცენტრალური ბანკი. სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე შეარჩიეს საქართველო გამოცდილების გასაზიარებლად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს. ჩვენ შევთანხმდებით თანამშრომლობის გზებზე და გამოვძებნით საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებს დავეხმაროთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეფორმებს შთამბეჭდავი და სამაგალითო უწოდა.

"ამ რეფორმებმა დიდი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტულად საბანკო სექტორის განვითარების საქმეში. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომ მოექცა საქართველო ცენტრალური აზიისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ყურადღების ცენტრში. ამიტომ, ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება", – აღნიშნა შირინოვმა.

ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფებიან გერმანიის ბუნდესბანკის ექსპერტი ანდრეას დიკმანი და გერმანული კომპანია "გიზეკე და დევრიენტის" რეგიონული გაყიდვების დირექტორი დიეტმარ რეიჩელი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ყვარელსაც ეწვევიან და ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.