ეკა ბესელია:   ვერ ვხვდები ჩემი განცხადების რა ნაწილში უნდა მოვუხადო ბოდიში მარიამ კოჩალიძის ოჯახს

ეკა ბესელია: ვერ ვხვდები ჩემი განცხადების რა ნაწილში უნდა მოვუხადო ბოდიში მარიამ კოჩალიძის ოჯახს

ჩემი განცხადება დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით არასწორად იყო ინტერპრეტირებული , - ამის შესახებ ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ოჯახის წევრების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. 

მისი თქმით, განცხადება, რომელიც სტატისტიკასთან დაკავშირებით გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის საპასუხო იყო.

"ვფიქრობ, ჩემი განცხადება არასწორად იყო ინტერპრეტირებული, ამით მე ვუპასუხე "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს, რომლებმაც თავს გამოსვლაში უმძიმესი ტრაგედიით პოლიტიკური დემაგოგია დაიწყეს, რომლებმაც თქვეს, რომ ასეთი რამ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მომხდარა. გავიხსენე ის წლები, როდესაც ისეთივე მძიმე დანაშული ხდებოდა და ვუპასუხე მათ დემაგოგიას," – აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, ეს იყო უმძიმესი დანაშაული.

"მე ვერ ვხვდები ჩემი განცხადების რა ნაწილში უნდა მოვუხადო ბოდიში ამ გოგონა ოჯახს. არ შეიძლება ამ პატარა გოგონას ტრაგედია გახდეს პოლიტიკური დემაგოგიის საგანი,"- განაცხადა დეპუტატმა.

ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ნათლია ნატო კვინტრაძე დეპუტატ ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას იმ სატელევიზიო გამოსვლის გამო სთხოვს, სადაც დეპუტატი დანაშაულის სტატისიკაზე საუბრობდა.

"ჯერ კიდევ ჩემი საცოდავი გოგო გასვენებული არ მყავდა, უნამუსოდ და უსინდისოდ გამობრძანდა ეკა ბესელია ტელევიზიით, სტატისტიკით ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, ასეთი შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა, ახლაც ხდება და შემდგომში მოხდება, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არისო. სანამ მის შვილებს ყელში ხორცი აქვს, აჟიოტაჟი ამიტომ არ იყო ასატეხი? ჩემი შვილი, შვილი არ იყო, რომ გამოდის ტელევიზიით ვითომ იურისტი და სავარძელში მჯდომი ქალი ასეთ სიტყვებს რომ იძახის?" - განუცხადა ნატო კვინტრაძემ "ინტერპრესნიუსს". მისივე თქმით, ეკა ბესელიამ საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს.

მარიამ კოჩალიძე ბათუმის ბულვარის ბოლოს 23 ივლისს მოკლული იპოვეს. გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქეა.